იდლიბის პროვინცია

პომპეო: იდლიბის გამო რუსეთის, ასადის წინააღმდეგ მზად ვართ დიპლომატიური ზომები მივიღოთ

Getty Images

27 იანვარს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ იდლიბსა და დასავლეთ ალეპოს პროვინციებში მცხოვრებების წინააღმდეგ რუსეთის, ირანის რეჟიმის, ჰეზბოლას და ასადის რეჟიმის "გაუმართლებელი თავდასხმები" დაგმო და განაცხადა, რომ "აშშ მზადაა ასადის რეჟიმისა და ნებისმიერი სახელმწიფოს თუ პირის წინააღმდეგ, რომელიც ხელს უწყობს ამ სასტიკ ქმედებებს, მიიღოს ყველაზე ძლიერი დიპლომატიური და ეკონომიკური ზომები".

პომპეომ თქვა, რომ რუსეთის, ჰეზბოლას, ირანის რეჟიმის და ასადის რეჟიმის დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებები სირიაში ცეცხლის შეწყვეტას და ჩრდილოეთ სირიაში ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირის თავიანთ სახლებში მშვიდობიან დაბრუნებას ხელს უშლის.

"დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტისკენ, დაზარალებულ ადგილებში ჰუმანიტარული ორგანიზაციების სრული წვდომისკენ მოგიწოდებთ, რათა ტკივილი შეემსუბუქებინათ იმ ასობით ათასი ადამიანისთვის, ვინც განუწყვეტელ აფეთქებებს გაექცა," - წერს პომპეო.

გუშინ, თეთრ სახლში განაცხადეს, რომ დონალდ ტრამპმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ლიბიასა და სირიაში მიმდინარე სიტუაცია სატელეფონო საუბარში განიხილეს:

"ორმა ლიდერმა განიხილა ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შენარჩუნების და გარეშე ძალების ჩარევის აღკვეთის მნიშვნელობა. ისინი თანხმდებიან, რომ სირიაში, იდლიბის პროვინციაში მიმდინარე ძალადობა უნდა შეწყდეს".

29 იანვარს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიის ჩრდილოეთ-დასავლეთ იდლიბის პროვინციაზე რუსეთი სოჭის ან ასტანას შეთანხმებებს არ ასრულებდა. მისი თქმით, თურქეთმა რუსეთს უთხრა, რომ დაბომბვის გამო ანკარა მოთმინებას კარგავს და თურქეთი გააკეთებდა იმას, რაც საჭირო იყო.

სადის რეჟიმმა და რუსეთმა საჰაერო თავდასხმა და სახმელეთო კამპანია ოპოზიციის უკანასკნელ პოზიციებზე გასული წლის 26 აპრილს დაიწყეს. მას შემდეგ 11,500-ზე მეტი საჰაერო თავდასხმა განხორციელდა. მათ შორის გამოიყენეს იარაღი, რომელსაც საერთაშორისო კანონმდებლობა კრძალავს. თავდასხმების სამიზნეს სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის სკოლები და საავადმყოფოებიც წარმოადგენდა.

რუსეთმა და თურქეთმა 2018 წლის სექტემბერში იდლიბთან დაკავშირებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც ტერიტორიაზე მათ ერთობლივი პატურლირება უნდა განეხორციელებინათ და რადიკალური ელემენტებისაგან გაეთავისუფლებინათ. მიუხედავად ამისა, მას შემდეგ, რაც იანვარში ტერიტორიის ნაწილზე დაჯგუფება ჰურიათ თაჰრირ ალ-შამმა კონტროლი დაამყარა, ასადმა მოკავშირეებთან ერთად იდლიბზე თავდასხმა დაიწყო.

მონიტორიგნის ორგანიზაციების ინფორმაციით გასული წლის აპრილის შემდეგ სირიის მთავრობისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩატარებულმა დაბომბვებმა ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე 1,300-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და მილიონამდე ადამიანს საცხოვრებლის მიტოვება მოუხდა.

ერთ-ერთი უკანასკნელი ასეთი თავდასხმა მიმდინარე წლის 4 იანვარს მოხდა, როდესაც პროვინციის ქალაქ სარმინში ბომბის სკოლასთან ჩამოგდებამ 5 ბავშვის და 4 ზრდასრული ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ერდოღანი ამბობს, რომ ასადის რეჟიმისა და რუსეთის თავდასხმების გამო იდლიბიდან მიგრანტთა ტალღა დაიძრა, რომელსაც თურქეთი მარტო ვერ გაუმკლავდება და ახალ ნაკადს ევროპული ქვეყნებიც იგრძნობენ.

გაეროს ინფორმაციით, 1-ლი დეკემბრიდან ოპოზიციის მიერ კონტროლირებულ იდლიბის პროვინციაზე ასადის რეჟიმისა და რუსეთის განახლებული შეტევის გამო, იდლიბი დაახლოებით 350 000-მა სირიელმა დატოვა, მეტწილად, ქალებმა და ბავშვებმა.

კომენტარები