თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე

ბოკერია: თბილისის და პანკისის სპეცოპერაციებზე კრიტიკული კითხვები თავიდანვე არსებობდა

ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია თავხედურ სიცრუეს უწოდებს მამუკა მდინარაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიცია მაჩალიკაშვილის საქმეზე სპეკულირებს.

ქართული ოცნების წევრმა თქვა, რომ ოპოზიციის წევრებს შეხვედრაზე დეტალური ინფორმაცია გააცნეს, მათ კი კითხვები არ გასჩენიათ.

"ეს არის თავხედური და ცინიკური სიცრუე. უამრავი კითხვა იყო სწორედ მაგ 2 საკითხზე: პირველი, იმ სპეცოპერაციაზე, რომელიც თბილისში ჩატარდა და ბუნებრივია, საიდუმლო დეტალებს არ ვამბობ, არ ვამბობ, რატომ მოხდა ეს, რატომ იყო რეაქცია ისეთი, როგორიც იყო, რატომ არ იყო თვალთვალის ქვეშ ასეთ ფიგურასთან, ISIL-ის ლიდერთან დაკავშირებული სახლი. მას თუ არ უთვალთვალებ, აბა ვის უთვალთვალებ, მხოლოდ ოპოზიციის წევრების თვალთვალია თქვენი პრიორიტეტი-მეთქი.

ასევე, იყო უამრავი კრიტიკული კითხვა მეორე სპეცოპერაციაზე, რა დროსაც ფატალური შედეგი დადგა. იქიდან გამომდინარე კი არა, რასაც ოჯახი ამბობს -ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, რატომ მოხდა ეს ყველაფერი ასე. ჯერ კიდევ მაშინ იყო ეჭვები, რომ მტკიცებულებების განადგურება მოხდა - რატომ იყო ეს ყველაფერი ასე მიწოდებული საზოგადოებისთვის, ინტერესის ასე უგულებელყოფით და დამამცირებელი ფორმით. ამიტომ ეს არის თავხედური სიცრუე მდინარაძის მხრიდან", - თქვა ბოკერიამ.

პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე 25 იანვარს გამოძიება შეწყვიტა. მიზეზად "ჩატარებული სრულყოფილი და ამომწურავი გამოძების" შედეგები დასახელდა, რომლითაც უწყების ცნობით, დადასტურდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს ჰქონდა ხელყუმბარა, სპეცრაზმელი კი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფებოდა, იყო რეალური, იმწუთიერი საფრთხე და მისი ქმედების მიზანს, ანუ მაჩალიკაშვილისთვის სროლას საკუთარი თავის და გარშემომყოფთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა წარმოადგენდა".

___________________________________________________________________

2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, მეხუთე - 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი კი საკუთარ საძინებელში მოკლეს - მას სპეცრაზმელის ტყვია თავში მოხვდა. ოფიციალური ვერსიით, მაჩალიკაშვილმა ხელყუმბარის გახსნა სცადა და გასროლაც სწორედ ამიტომ მოხდა.

თავში მძიმედ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი სპეცოპერაციიდან რამდენიმე კვირაში საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოგვიანებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თქვეს, რომ აქვთ ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად გადაადგილდებიან.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ მის შვილს ხელყუმბარა არ ჰქონია და ის, რაც გამოძიებამ ამმისივე თქმით, სპეცოპერაციას სუს-ის უფროსის მაშინდელი მოადგილე, სოსო გოგაშვილი ხელმძღვანელობდა. მაჩალიკაშვილი ითხოვს, მისი შვილის დანაშაული მტკიცებულებებით დადასტურდეს. ითხოვს საპარლამენტო კომისიის შექმნასაც.

პანკისის სპეცოპერაციამდე ერთი თვით ადრე კი სპეცოპერაცია ჩატარდა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე - ის 2017 წლის 21 ნოემბრის ღამიდან მიმდინარეობდა და 22 ნოემბრის საღამოს დასრულდა.

დააკავეს ერთი ადამიანი, რამდენიმე კი სპეცოპერაციისას დაიღუპა. მაშინ ლიკვიდირებულთა შორის ერთ-ერთი ლაფანყურის სპეცოპერაციის მონაწილე და ISIS-ის ერთ-ერთი ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, ახმედ ჩატაევი იყო. სუს-ის განცხადებით, ისინი საქართველოსა და თურქეთში დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებზე თავდასხმებს გეგმავდნენ.

ადამიანის უფლებათა სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნა. სასამართლომ საქმის არსებითი განხილვა უკვე დაიწყო.

კომენტარები