კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ

თალაკვაძე ლავროვის შესაძლო ვიზიტზე: მინისტერიალი ტარდება ყველა დელეგაციის მონაწილეობით

არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე პირდაპირ არ პასუხობს შეკითხვას, ჩამოვლენ თუ არა საქართველოში რუსი პოლიტიკოსები, რომელთაც დარღვეული აქვთ კანონი ოკუპაციის შესახებ.

თალაკვაძე ამბობს იმას, რომ მაისში ევროსაბჭოს ეგიდით დაგეგმილ ღონისძიებას "ყველა წევრი ქვეყნის დელეგაცია" უნდა დაესწროს.

"მინისტერიალი ტარდება ყველა წევრი ქვეყნის დელეგაციის მონაწილეობით და ზუსტად ეს განმარტა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა," - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

28 იანვარს ევროსაბჭოში სიტყვით გამოსვლის შემდეგ, რუსი პოლიტიკოსის კითხვის პასუხად სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ საქართველო გვერდს აუვლის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს და მინისტრთა კომიტეტის სესიაზე დასასწრებად საქართველოში რუს დელეგატებს შემოუშვებს.

პრეზიდენტის ნათქვამს მწვავე კრიტიკა მოჰყვა ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან. ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ამ განცხადებას "ქვეყნისთვის მორიგ ჯერზე მიყენებული ზიანი" უწოდა. დღეს, 29 იანვარს კი არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს განცხადება, სადაც ვკითხულობთ, რომ პრეზიდენტის ნათქვამი "ძირს უთხრის კანონის უზენაესობასა და დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტურ პრინციპებს".

კომენტარები