არჩილ თალაკვაძე

თალაკვაძე: ამერიკელი კონგრესმენები არ იზიარებენ ოლსონის პოზიციას

https://www.facebook.com/ArchilTalakvadzeOfficial/

ამერიკელი კონგრესმენის, პიტ ოლსონის კრიტიკის პასუხად არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ კონგრესმენი დაკავშირებულია კომპანია "ფრონტერასთან", მის პოზიციას კი სხვა კონგრესმენები არ იზიარებენ. კონგრესმენმა ოლსონმა ბიძინა ივანიშვილს პუტინის მარიონეტი უწოდა.

"რაც შეეხება ბატონი ოლსონის განცხადებას, ის არ მალავს, რომ არის დაკავშირებული კომპანია "ფრონტერასთან". კომპანია "ფრონტერასთან" არის დავა საერთაშორისო არბიტრაჟში. შესაბამისად, ჩვენ ვიქცევით პასუხისმგებლიანად და ამ დავის შესახებ განცხადებებს არ ვაკეთებთ, ვიდრე არბიტრაჟი არ დაადგენს სიმართლეს.

მე, რა თქმა უნდა, ვერანაირად ვერ მოვუწონებდი ბატონ ოლსონს ამ ტონს და იმ განცხადებას, რომელიც კონკრეტულად მან გააკეთა. ეს არ არის პოზიცია, სხვათა შორის, რომელსაც ჩვენი კოლეგა კონგრესმენები იზიარებენ და როდესაც ჩვენი ვიზიტები დასრულდება, თქვენ ამას დაინახავთ." - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

პიტ ოლსონმა 24 იანვარს ტვიტერზე დაწერა, რომ "ქართველი ხალხი კორუმპირებულ მთავრობაზე უკეთესს იმსახურებს".

29 იანვარს კი ის წარმომადგენელთა პალატაში გამოვიდა სიტყვით და ბიძინა ივანიშვილი ამერიკული სერიალის ნაგავში მცხოვრებ პერსონაჟს შეადარა:

"რა საერთო აქვთ გრაუჩ ოსკარს [ნაგვის ურნაში მცხოვრები თოჯინა ამერიკული სატელევიზიო შოუდან] და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს? პასუხი ასეთია, ორივენი მარიონეტები არიან, რომლებმაც ააოხრეს თავიანთი სახლები. ვლადიმერ პუტინის მარიონეტი თავს დაესხა უცხოურ ინვესტიციებს საქართველოში და გაანადგურა ადამიანის ძირითადი უფლებები."

კომენტარები