ოპოზიციის შეხვედრა ლეიბორისტული პარტიის ოფისში

ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა

ტაბულა

ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პოლიტიკოსებმა თქვეს, რომ ისაუბრეს როგორც 4 თებერვალს დაგეგმილ პიკეტირებაზე, ისე სხვა საკითხებზე.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, პარტიებს აქვთ სრული კონსენსუსი 2 საკითხზე:

"ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მართვას უნდა ჩამოშორდეს.

და პროპორციული არჩევნების ჩატარება ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის საკვანძო საკითხია. ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენ მერე, ერთმანეთთან კონკურენციაც რომ იქნება, რომ ამ ჩიხიდან, უფსკრულის პირიდან ქვეყანა გამოვიყვანოთ", - თქვა გიგა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ოპოზიციამ უკვე უარი თქვა თალაკვაძის შემოთაზებაზე, პარლამენტის 100 მანდატი პროპორციული სიით დაკომპლექტდეს, 50 კი - მაჟორიტარულით.

"ოცნება ვერც ერთი სისტემით ვერ მოიგებს არჩევნებს, მაგრამ მაინც, ეგ სისტემა იძლევა საშუალებას, ნებისმიერი ლიდერი პარტიისთვის, მესამედზე ნაკლები მხარდაჭერით უმრავლესობა გქონდეს - 10-დან 7 რომ შენ წინააღმდეგ იყოს და 3 - მომხრე. საზოგადოებას ასეთი სისტემა აღარ უნდა არავისთვის, თორემ ოცნება ყველა ვარიანტში წააგებს", - თქვა ბოკერიამ.

"დავილაპარაკეთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც გაერთიანებულ ოპოზიციას აღელვებს. განვიხილეთ, რა შეიძლება მოხდეს ამ ხელისუფლებასთან დიალოგის შემდეგ რაუნდზე, განვიხილეთ, როგორ უნდა ჩავატაროთ 4 თებერვლის საპროტესტო აქცია, რადგან იწყება საგაზაფხულო სესია და განვიხილეთ ის საკითხები, რომლებიც ყველა პარტიას აღელვებს და უნდათ, რომ შევიდეს დღის წესრიგში",- თქვა ენმ-ის წევრმა, გრიგოლ ვაშაძემ.

4 თებერვალს პარლამენტის პიკეტირება იგეგმება. შესაბამისი განცხადებით თბილისის მერიას ევროპული საქართველოს წევრმა, ირაკლი კიკნაველიძემ 28 იანვარს მიმართა.

20 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის ძალადობრივად დარბევას პარლამენტთან კიდევ უფრო მეტი ადამიანის მობილიზება მოჰყვა და რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი მასშტაბური აქციების გამო გადაიკეტა. საპროტესტო აქციები 3 თვის განმავლობაშ უწყვეტად გაგრძელდა.

აქციას სამი მთავარი მოთხოვნა ჰქონდა, რომელთაგან ერთ-ერთი 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.

24 ივნისს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ამ მოთხოვნის შესრულების პირობა დადო. მმართველი გუნდის წევრები რამდენიმე თვის განმავლობაში ამბობდნენ, რომ ეს მათი ინიციატივა იყო, 14 ნოემბერს კი "მათივე ინიციატივა" პარლამენტში კენჭისყრის დროს ჩააგდეს, რასაც რუსთაველის გამზირზე პროტესტის განახლება და ოპოზიციური სპექტრის საერთო მოთხოვნებზე შეთანხმება მოჰყვა - ოპოზიცია არჩევნების ე.ს გერმანული მოდელით ჩატარებას ითხოვს, რომელიც, მართალია, შერეული სისტემაა, მაგრამ მანდატების სამართლიანად გადანაწილებას ითვალისწინებს. ხელისუფლება გერმანულ მოდელს არაკონსტიტციურს უწოდებს და მის მიღებას არ განიხილავს.

დასავლელი პარტნიორების ინიციატივით ქართულ ოცნებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების 4 რაუნდიც შედგა. მეოთხე რაუნდზე, 2019 წლის 20 დეკემბერს მმართველმა გუნდმა ოპოზიციას მანდატების შემდეგნაირად გადანაწილება შესთავაზა - პარლამენტის 100 მანდატი პროპორციული სიით დაკომპლექტდება, 50 კი - მაჟორიტარულით. ოპოზიციისთვის შეთავაზება მიუღებელია.

კომენტარები