კონგრესმენების წერილები

სამადაშვილი ოლსონის გამოსვლაზე: ივანიშვილის ყელის გარშემო მარყუჟი სულ უფრო ვიწროვდება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი სალომე სამადაშვილი გუშინ, 28 იანვარს, კონგრესში პიტ ოლსონის გამოსვლას ეხმაურება. ოლსონმა ბიძნა ივანიშვილს პუტინის მარიონეტი უწოდა. სამადაშვილის თქმით, "მარყუჟი ივანიშვილის ყელის გარშემო სულ უფრო ვიწროვდება".

"სულ უფრო ნათელია, რომ ის არის სამიზნე გზავნილების, რომლებიც ჩვენ გვესმის ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ეს კიდევ ერთხელ ხდის ნათელს, რომ პოტენციურად როდესაც იქნება საუბარი შესაძლო სანქციებზე, ეს პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის ინტერესების მიმართ იქნება მიმართული",-თქვა სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილის თქმით, მარიონეტს შედარება და დაცინვა ივანიშვილის კარიერის დასრულებას გულისხმობს. 

"ალბათ, ძალიან შეურაცხმყოფელია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამ მდგომარეობამდე მიიყვანა ჩვენი სახელმწიფო - მასხრად ასაგდები ხდება ის, როგორც პუტინის მარიონეტი, რომელიც საკუთარ ქვეყანას ანადგირებს პუტინის მოთხოვნით ამერიკის კონგრესში",-თქვა სამადაშვილმა. 

"რა საერთო აქვთ გრაუჩ ოსკარს [ნაგვის ურნაში მცხოვრები თოჯინა ამერიკული სატელევიზიო შოუდან] და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს? პასუხი ასეთია, ორივენი მარიონეტები არიან, რომლებმაც ააოხრეს თავიანთი სახლები",-თქვა პიტ ოლსონმა გუშინ კონგრესში. 

მოგვიანებით კონგრესში სიტყვით გამოსვლის შესახებ ოლსონმა ტვიტერზეც დაწერა და ივანიშვილი მარიონეტს კიდევ ერთხელ შეადარა. 

პიტ ოლსონმა საქართველოს ხელისუფლება რამდენიმე დღის წინაც გააკრიტიკა. კონგრესმენმა 24 იანვარს ტვიტერზე დაწერა, რომ "ქართველი ხალხი კორუმპირებულ მთავრობაზე უკეთესს იმსახურებს".  

ოლო რამდენიმე კვირის მანძილზე კრიტიკული წერილი საქართველოს მთავრობას და პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას 7-მა კონგრესმენმა, ასევე სენატორმა როჯერ ვიკერმა გამოუგზავნა.

კონგრესმენები მარკ უეინ მალინი, ბრაიან ბაბინი და ადამ კინზინგერი გახარიასთვის გაგზავნილ წერილებში შეშფოთებას გამოხატავენ განგრძობად უარყოფით ტენდენციებზე თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ინდიკატორებში, რაც ამერიკულ და ევროპულ ბიზნესკომპანიებზე თავდასხმებში გამოიხატა და ამის მაგალითად კომპანია ფრონტერას ასახელებენ.

როგორც მალინის და ბაბინის, ასევე სხვა კონგრესმენების და სენატორ როჯერ ვიკერის წერილებში გამოთქმულია წუხული და შეშფოთება იმაზეც, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების კანონპროექტი ჩააგდო. ამერიკელი პარტნიორები ასევე უთითებენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის დროს ხარვეზებზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქციებისთვის ხელის შეშლასა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სამართლებრივ დევნასა და მედიის შევიწროებაზე.

ჰალიფაქსის​ საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმის ვიცე-პრეზიდენტი, რობინ შეპარდი ამბობს, რომ კონგრესმენებმა საქართველოს წერილებით გაფრთხილება მისცეს და მნიშვნელოვანია, ქვეყანამ ეს გაითვალისწინოს. შეპარდის თქმით, თუ ვითარება გაუარესდა, კონგრესს აქვს ბერკეტები, რომ საქართველოს მთავრობას ცხოვრება გაურთულოს. მან ასევე აღნიშნა, რომ წერილები კარგის ნიშანია და მიუთითებს იმაზე, რომ ამერიკაში საქართველოზე ფიქრობენ.

კომენტარები