ბრექსითი

ევროპარლამენტმა ბრექსითის შეთანხმებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შეთანხმებას. დოკუმენტის კენჭისყრა დღეს შედგა, შეთანხმებას მხარი 621 დეპუტატმა დაუჭირა, საწინააღმდეგო პოზიცია 49 პარლამენტარმა დააფიქსირა, ხოლო 13 დეპუტატმა პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა. 

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ევროკავშირიდან გასვლას ღირსეული გადაწყვეტილება უწოდა, რომლის შემდეგაც ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზე გადავა. 

"ეს ჩვენი ქვეყნისთვის დიდი მომენტია, მომენტი დიდი იმედისა და შესაძლებლობების", — განაცხადა ბორის ჯონსონმა. დიდი ბრიტანეთი ევროგაერთიანებას 31 იანვარს დატოვებს, თუმცა 2020 წლის განმავლობაში გარდამავალი პერიოდი იმოქმედებს. 

ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრექსითის დიდი ბრიტანეთსა და ევროკავშირის შორის ახალი პარტნიორობის დასაწყისი უწოდა. ბრექსითის შეთანხმება ბრიტანეთის პარლამენტმა წინა კვირაში დაამტკიცა. 

პარლამენტის შემდეგ, კანონპროექტი დედოფალ ელიზაბეტ მეორეს გადაეგზავნა ხელმოსაწერად. ევროკავშირის შემადგენლობიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შესახებ რეფერენდუმი 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა. ამომრჩეველთა 52%-მა ხმა ევროკავშირის დატოვებას მისცა.

კომენტარები