კორონავირუსი

გახარია: ჯანდაცვის სისტემა მზადაა, კორონავირუსის შემთხვევაში გამოწვევას უპასუხოს

მთავრობის PR

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის ქვეყანაში შესაძლო გავრცელების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების თვალსაზრისით ეფექტური ნაბიჯები გადადგა.

გახარიას თქმით, იმ შემთხვევაში თუ საქართველოში გამოვლინდება მსგავსი ვირუსი, ჯანდაცვის სისტემა დღეს სრულად არის მზად, შესაბამისად და ეფექტურად უპასუხოს ამ გამოწვევას.

"ჯანდაცვის სამინისტრო არის ამ მიმართულებით მაკოორდინირებელი ორგანო, სხვა უწყებებიც და შესაბამის უწყებებს მინდა ვთხოვო, რომ სრულად კოორდინირებული შესაბამისი ქმედებები ჰქონდეთ ჯანდაცვის სამინისტროსთან. ჩვენ მივიღეთ პირველ რიგში გადაწყვეტილება, რაც ნიშნავს დროებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან პირდაპირი საავიაციო მიმოსვლის შეწყვეტას და შესაბამისად, ეს იყო ყველაზე ქმედითი ნაბიჯი, რომელიც დღეს შეგვეძლო გადაგვედგა. თუმცა ჯანდაცვის სისტემა სრულად არის მზად იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება მსგავსი ვირუსი შესაბამისად და ეფექტურად უპასუხოს ამ გამოწვევას", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოში აეროპორტებში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრების შემოწმება რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ეპიდემიოლოგები და გადაუდებელი ცენტრის მედიკოსები მგზავრებს როგორც დისტანციური თერმომეტრებით, ისე პირადი გასაუბრებით ამოწმებენ. მათ ასევე მიეწოდებათ ინფორმაცია ვირუსის სიმპტომურ მახასიათებლებთან დაკავშირებით.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ვირუსის გავრცელების მხრივ, საქართველო დაბალი რისკის ქვეშ მყოფ ქვეყნებს შორისაა.

ჩინეთში კი, ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა ბოლო მონაცემებით, 120-ს მიაღწია. გაიზარდა ვირუსით ინფიცირების შემთხვევებიც. 

კომენტარები