სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

სუს-ი: საქართველოს მოქალაქეები თბილისში 2 პირის აფეთქებას აპირებდნენ, ეს უკრაინაში დაიგეგმა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დააკავეს საქართველოს 6 და უკრაინის ერთი მოქალაქე, რომლებიც თბილისში ორი ადამიანის აფეთქებას აპირებდნენ. უწყებაში ამბობენ, რომ დანაშაული უკრაინაში დაიგეგმა.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ უკრაინაში დაიგეგმა ქალაქ თბილისში მცხოვრები საქართველოს 2 მოქალაქის გ.ფ-ს და დ.ფ-ს განზრახ მკვლელობა, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის და სპეციალური დისტანციურად მოქმედი ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით უნდა განხორციელებულიყო. დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შეირჩა ლიკვიდაციის ადგილები და დეტალურად შემუშავდა აღნიშნული პირების ავტომანქანაში აფეთქების გეგმა", - ამბობენ სუს-ში.

მათივე ინფორმაციით, ორი ადამიანის ლიკვიდაციის მიზნით, უკრაინაში მყოფი პირი დაუკავშირდა უკრაინის მოქალაქეს და ვითარების შესასწავლად თბილისში გამოაგზავნა. უწყებაში ამბობენ, რომ საქართველოში ჩამოსული უკრაინის მოქალაქე შეხვდა საქართველოს ორ მოქალაქეს (გ.ბ. და ბ.ც.), რომლებმაც მას მიაწოდეს ინფორმაცია იმ ორი ადამიანის შესახებ, რომელთა მკვლელობაც იგეგმებოდა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ მათ შორის იყო ინფორმაცია გ.ფ.-ს და დ.ფ.-ს, ასევე, მათი ოჯახის წევრების, არასრულწლოვანი შვილების და ახლობლების საცხოვრებელი სახლების და საზოგადოებრივი თავშეყრის იმ ადგილების შესახებ, რომლებსაც ეს პირები სტუმრობდნენ.

სუს-ის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე გ.ბ.-მ უკრაინის მოქალაქეს ამ ინფორმაციის შესწავლა დაავალა და გადასცა ცეცხლსასროლი იარაღი - პისტოლეტები, ავტომატები ვაზნებითა და დამატებითი მჭიდებით, ასევე, ფულადი თანხის ნაწილი 4000 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც საჭირო იყო თავდასხმის ოპერაციის დაგეგმვის, მომზადებისა და სხვა ხარჯებისთვის. ხოლო საქართველოს მეორე მოქალაქემ (ბ.ც.), რომელიც ასევე იმყოფებოდა უკრაინის მოქალაქესთან პირველ შეხვედრაზე, მას ერთ კილოგრამი ტროტილიც გადასცა.

"გამომდინარე იქიდან, რომ თავდასხმის ერთ-ერთ ფორმად გ.ფ.-ს და დ.ფ.-ს ავტომანქანაში აფეთქება განიხილებოდა, გ.ბ-მ უკრაინის მოქალაქეს მათი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ავტომობილის აფეთქებისთვის საჭირო დისტანციურად მოქმედი ასაფეთქებელი მოწყობილობა და 1 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება "ტროტილი" უკრაინის მოქალაქეს ბ.ც-მ გადასცა", - ამბობენ სუს-ში.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს აღნიშნული ორი მოქალაქე - გ.ბ. და ბ.ც. ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, კონსპირაციის ნორმების დაცვით მოქმედებდნენ.

"ისინი ერიდებოდნენ პირდაპირ კომუნიკაციას თბილისში მყოფ უკრაინის მოქალაქესთან, შეხვედრების შესახებ მობილური ინტერნეტ-აპლიკაციის გამოყენებით წინასწარ ათანხმებდნენ უკრაინაში დამკვეთთან, ხოლო შემდგომ დამკვეთი, შუამავლის მეშვეობით, შეხვედრის დროსა და ადგილს თბილისში მყოფ უკრაინის მოქალაქეს აცნობებდა. შეხვედრაზე მისვლამდე, გ.ბ. და ბ.ც. გადაადგილდებოდნენ შენიღბულები, იყენებდნენ ე.წ. კაპიუშონიან ქურთუკს, ქუდს, სამედიცინო პირბადეს. შეხვედრაზე მისული ბ.ც. ბინაში შესვლისთანავე იფარავდა სახეს შარფითა და ნიღბით. ქალაქში გადაადგილებისას ცდილობდნენ არ დაფიქსირებულიყვნენ სათვალთვალო კამერებზე ისე, რომ მომავალში შესაძლო ყოფილიყო მათი იდენტიფიცირება", - აღნიშნავენ უწყებაში.

რაც შეეხება საქართველოს კიდევ ოთხ მოქალაქეს, რომლებიც ბათუმში დააკავეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მათ, სავარაუდოდ, უკრაინაში მყოფი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტებისგან მიღებული დავალებით, ორგანიზება გაუწიეს დისტანციური ასაფეთქებელი მოწყობილობის კუსტარულ დამზადებას.

"რ.ბ-მ უკრაინიდან მიიღო დავალება, დაემზადებინა ორი ცალი დისტანციური მოქმედების ასაფეთქებელი მოწყობილობა. ამ უკანასკნელმა, ი.მ-სთან ერთად, ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადებისათვის მიმართა ნ.ბ-ს, რომელმაც მოწყობილობა გ.თ.-ს დაამზადებინა. ამის შემდეგ, რ.ბ-მ საბოლოოდ ასაფეთქებელი მოწყობილობა
თბილისში ჩამოიტანა და ბ.ც-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, აღნიშნული მოწყობილობა უკრაინის მოქალაქეს მიუტანა", - აღნიშნავენ სუს-ში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ დანაშაულის აღკვეთისა და დამნაშავე პირების დაკავების მიზნით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მოპოვებულია სხვადასხვა სახის მტკიცებულებები, მათ შორის მკვლელობის მომზადების აუდიო და ვიდეო მასალა.

გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერებები და დისტანციური მოქმედების ასაფეთქებელი სპეციალური მოწყობილობები.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ, შეკვეთით, განზრახ მკვლელობის მომზადების და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, დამზადების და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს.

გ.ბ.-ს და ბ.ც.-ს დამამძიმებელ გარემოებებში ორი პირის განზრახ მკვლელობის მომზადების ედავებიან. მათ ბრალი წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109 მუხლით, რაც სასჯელის სახით 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას გულისხმობს.

რაც შეეხება რ.ბ.-ს, ნ.ბ.-ს, გ.თ.-ს და ი.მ.-ს, რომლებიც ბათუმში დააკავეს, მათ გამოძიება ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას, დამზადებასა და გასაღებას ედავება. ბრალი წარდგენილი აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-5 და მე-6 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

გარდა ამისა, საქართველოში მიმდინარე დაკავების ღონისძიებების პარალელურად, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ქალაქ ხარკოვში ამავე დანაშაულთან კავშირში მყოფი პირი, უკრაინის მოქალაქე ბ.მ. დააკავეს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი აწარმოებს.

კომენტარები