ირაკლი კობახიძე

კობახიძე: მოვახერხეთ, გვესაუბრა რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევის ფაქტებზე

პარლამენტი

ქართული ოცნების წევრი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს დელეგაციამ, მეგობრებთან ერთად მოახერხა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ესაუბრა რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევის ფაქტებზე და ეს მნიშვნელოვანია.

კობახიძე, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელია, რუსეთისთვის ევროსაბჭოს წევრობის აღდგენას გამოეხმაურა.

მან თქვა:

"მოლოდინი იყო, რა თქმა უნდა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღებოდა. ვიცოდით რა იყო კონტექსტი ამ გადაწყვეტილების, მანამდე უკვე ჰქონდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას გადაწყვეტილება მიღებული რუსეთის დაბრუნების თაობაზე. მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო კიდევ ერთხელ გზავნილის გაჟღერება, რომელიც უკავშირდება რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლის ელემენტარული პრინციპების დარღვევას, რომელიც უკავშირდება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას და რომელიც უკავშირდება ყირიმის ანექსიას, ეს არის ყველაზე უხეში დარღვევები, რაც კი შეიძლება წარმოიდგინოს ადამიანმა, როდესაც საუბარია საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე და ამ საკითხებზე ყურადღების კიდევ ერთხელ გამახვილება ჩვენთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი და მოვახერხეთ კიდეც ეს ჩვენს მეგობრებთან ერთად, ჩვენს კოლეგებთან ერთად. ყველაზე აქტიურად იყვნენ ჩართული ამ ყველაფერში ბალტიისპირელი კოლეგები და ასევე ჩვენი უკრაინელი კოლეგები".

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის საპარლამენტო დელეგაციისათვის უფლებამოსილების აღდგენას მხარი დაუჭირა. მომხრე იყო 96 წევრი, წინააღმდეგი - 44, 7-მა თავი შეიკავა.

შესაბამის რეზოლუციაში საუბარია უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში, ევროსაბჭოში რუსეთისათვის ხმის მიცემის უფლების დაბრუნების შემდეგ რუსეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის უკანონოდ დაკავებული უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლებაზე, მინსკის შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით პროგრესზე და უკრაინასთან პატიმრების გაცვლაზე შეთანხმებაზე. თუმცა, ასევე აღნიშნულია ევროსაბჭოს პოზიცია ყირიმის უკანონო ანექსიის თაობაზე, რის გამოც 2014 წელს რუსეთს ევროსაბჭოში ხმის მიცემის უფლება ჩამოერთვა.

28 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას სიტყვით მიმართა. ზურაბიშვლმა 50 წუთის განმავლობაში ისაუბრა და კითხვებისთვის 10 წუთი დაიტოვს, რის შემდეგაც ბრიტანელმა დეპუტატმა, სერ ედვარდ ლიმ დროის უკმარისობის გამო უკმაყოფილება გამოთქვა და ევროსაბჭოს პრეზიდენტს სთხოვა, შემდეგი გამომსვლელებისთვის მოეწოდებინა, მათი სიტყვა 15-20 წუთს გაგრძელებულიყო, რათა პარლამენტარებს შეკითხვების დასმა მოესწროთ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ვიზიტისას, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხს თავი აარიდა.

ერთ-ერთი დეპუტატის, რუსი პარლამენტარის კითხვის პასუხად ზურაბიშვილმა თქვა, რომ საქართველო "გვერდს აუვლის თავის კანონმდებლობას" და მაისში ევროსაბჭოს ასამბლეისათვის საქართველო რუს დელეგატებს ქვეყანაში დაუშვებს, მიუხედავად იმისა, ნამყოფები არიან თუ არა ისინი უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

სალომე ზურაბიშვილმა ევროსაბჭოში სიტყვით გამოსვლისას 20-21 ივნისის ღამის მოვლენების შესახებ საუბრისას ტყუილიც თქვა - პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "მას შემდეგ, რაც [სერგეი] გავრილოვი საქართველოდან გაფრინდა, პარლამენტის თავმჯდომარემ კი მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობა აიღო და გადადგა, მეორე ეტაპი, მეორე ფაზა დაიწყო, როდესაც პარლამენტს საფრთხე დაემუქრა".

ასევე, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტად მოიხსენია.

კომენტარები