თეა წულუკიანი

წულუკიანი: გასაკვირია, რომ წერილებში არ კეთდება აქცენტი ოკუპაციაზე

თეა წულუკიანი ამერიკელი სენატორების და კონგრესმენების მხრიდან ხელისუფლების კრიტიკას იმ არგუმენტით პასუხობს, რომ ამერიკელი კონგრესმენების წერილში საქართველოს ოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობა ნახსენები არ არის.

"გასაკვირია", - ამბობს იუსტიციის მინისტრი.

თუმცა, გარდა იმისა, რომ ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერები არიან, თავიანთ წერილებში საქართველოს ხელისუფლება იმ კონტექსტში გააკრიტიკეს, რომ მათი ქმედებები რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.

სენატორებმა ჯეიმს რიშმა და ჯინ შაჰინმა 29 იანვრის წერილში გამოხატეს შიში, რომ "რეფორმების შეფერხება და საქართველოს შიგნით დაძაბულობის ზრდა, რუსეთის უფრო მეტად ჩარევას განაპირობებს ქვეყანასა და რეგიონში".

ოთხი ამერიკელი კონგრესმენის: კინზინგერის, კონორის, ენგელისა და მაკკაულის წერილში აღნიშნულია, რომ "შემცირებული უცხოური ინვესიტიციები არა მხოლოდ აზიანებს ქართველ ხალხს და დასავლურ ინსტიტუტებში უფრო ღრმა ინტეგრაციის იმედებს, არამედ აძლიერებს ვლადიმერ პუტინის გავლენას რეგიონში."

კონგრესმენმა პიტ ოლსონმა კი კონგრესში სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილის პუტინის მარიონეტი უწოდა.

კომენტარები