ამერიკელი კონგრესმენების წერილი

ბოკერია სენატორების მორიგ წერილზე: საქართველოს ხელისუფლება დროზე მოეგოს გონს

გიგა ბოკერია
ტაბულა

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის გიგა ბოკერიას თქმით, საქართველოს ხელისუფლება "დროზე უნდა მოეგოს გონს". ბოკერია ჯეიმს რიშის და ჯინ შაჰინის კრიტიკულ წერილს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს "უბრალოდ სენატორების წერილი არ არის".

"ეს არის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ორპარტიული ხელმძღვანელების პოზიცია. ეს არის ის ხალხი, რომელიც საქართველოს მხარდამჭერი იყო ორპარტიულად, წლებია. ამერიკის პრაგმატული და ღირებულებითი ინტერესების გამომხატველი ორი საკვანძო ფიგურაა ეს და არა უბრალოდ სენატორი. არც ერთი სენატორის რეაქცია არ არის უმნიშვნელო, უბრალოდ, განსხვავება არსებობს.

ახლა რა მოხდება - დროზე მოეგონ გონს, მათი პერსონალური ინტერესის გამო, პირველ რიგში ივანიშვილის, ოღონდ ამ შემთხვევაში ქვეყნისთვის ნაკლები ზიანის მიყენება მოხდება და ამიტომ ვახსენებ ივანიშვილს მის პერსონალურ ბედს და არა იმიტომ, რომ ვზრუნავ მის პერსონალურ ბედზე. თუ არადა, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ეს პროცესი გაღრმავდება, მათთვის დასრულდება ძალიან დრამატულად პოლიტიკურად, მაგრამ ქვეყანა ზიანს მიიღებს მანამ, სანამ ჩვენ მშვიდობიანად, არჩევნების გზით შევცვლით ამ ხელისუფლებას.

თუ ისინი გონს არ მოეგებიან, ჩვენი ვალია, ეს ხელისუფლება შევცვალოთ, რომ ის ზიანი, რომელიც ივანიშვილმა მიაყენა საქართველოს, აღარ გაიზარდოს უსასრულოდ და არ გადაიხედოს ეს პარტნიორობა.

უნდა შევხედოთ, გაუძლებს თუ არა ამას ივანიშვილი, იმიტომ, რომ ვიმეორებ, აგონიაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ოღონდ თუ ერთი წამით მაინც მისი ინსტინქტი გაიღვიძებს, მიხვდება, რომ აქ ხომ წააგებს ქართველ ხალხთან დაპირისპირებაში და გარეთ, ქართველი ხალხის მეგობრებთან, თავისუფალი სამყაროს ლიდერთან დაპირისპირებაში არა უბრალოდ წააგებს და ძალაუფლებას დაკარგავს, არამედ, მის პოლიტიკურ ცხოვრებას ტრაგიკულს გახდის" - თქვა ბოკერიამ.

მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო და დემონსტრანტები სპეცრაზმით დაარბია, საქართველოს მთავრობამ ამერიკელი კონგრესმენების და სენატორებისგან რამდენიმე კრიტიკული წერილი მიიღო. 30 იანვარს კი, გიორგი გახარიას წერილი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯეიმს რიშმა და კომიტეტის წევრმა, სენატორმა ჯინ შაჰინმა გაუგზავნეს. ისინი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

სენატორი რიში რესპუბლიკური, ხოლო სენატორი შაჰინი დემოკრატიული პარტიის წევრია.

კომენტარები