თავდასხმა ნიკა გვარამიაზე

ნიკა გვარამია თავდამსხმელებზე: ნუ დაიჭერენ, მით უარესი მათთვის

ნიკა გვარამიაზე თავდამსხმელები საქალაქო სასამართლოს ეზოში
Facebook/ Sergo Ratiani

მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ მას არ დაუნახავს ის ადამიანები, რომლებიც საქალაქო სასამართლოში შესვლის დროს დაესხნენ თავს

გვარამიას თქმით, თავდამსხმელი, რომელმაც მას დაარტყა, არა მის წინ, არამედ გვერდით იდგა. 

"საკმაოდ ძლიერი დარტყმა იყო. დაცვა გაეკიდა იმ ადამიანებს, სამი ყოფილან. მე არ შემიმჩნევია არცერთი, მერე ფოტოები ვნახე და პირველად ვხედავ სამივეს,"- ამბობს გვარამია. 

მისივე თქმით, ეს ადამიანები პოლიციის მოგზავნილები არიან და პოლიცია, რა თქმა უნდა, მათ დაჭერას არ გეგმავს. 

"ნუ დაიჭერენ, რა უნდა ვქნათ? მით უარესი მათთვის,"- თქვა მან. 

გვარამია საქალაქო სასამართლოში მთავარი არხის ერთერთი მეწილის, გიორგი რურუას, სასამართლო პროცესზე დასასწრებად მივიდა, რომელიც 11:00 საათზე დაიწყო. 15:00 საათზე კი თავად გვარამიას პროცესი დაიწყო. 

"მე ახლა ერთი დარბაზიდან გადავედი მეორეში იმიტომ, რომ მოსამართლემ თქვა, რომ რურუას პროცესზე რომ ვარ, ეს საპატიო მიზეზი არ არის,"- ამბობს გვარამია.

გვარამიასვე თქმით, თავდასხმიდან გამომდინარე, მან მოსამართლეს პროცესის გადადება სთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ნაცვლად ამისა, მოსამართლემ 20-წუთიანი შესვენება გამოაცხადა. 

ინციდენტის შემდეგ თავდამსხმელები პატრულმა ადგილიდან გაარიდა, თუმცა მოგვიანებით, როგორც ევროპული საქართველოს დეპუტატი სერგო რატიანი წერს, ისინი კვლავ იმყოფებოდნენ საქალაქო სასამართლოსთან ახლოს. 

კომენტარები