თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე

დამოუკიდებელი დეპუტატების ფრაქცია მაჩალიკაშვილის საქმეზე კომისიის შექმნას მხარს უჭერენ

0 კომენტარი
ფოტო: reginfo,ge

საპარლამენტო ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატები" 2017 წლის დეკემბერში სუს-ის მიერ სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს უჭერენ. 

6 დეპუტატისგან შემდგარი ფრაქციის წევრების განცხადებით, ისინი ნებისმიერ პროცესს დაუჭერენ მხარს, რომლის შედეგადაც საზოგადოება მიიღებს ამომწურავ ინფორმაციას მაჩალიკაშვილის საქმეზე. 

"ღია, გამჭირვალე პროცესით პასუხი უნდა გაეცეს მნიშვნელოვან კითხვებს,"- აცხადებენ დეპუტატები. 

დამოუკიდებელ დეპუტატებს კომისიის შექმნის მხარდაჭერის თხოვნით თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა, მიმართა. მაჩალიკაშვილმა ასევე ხელმოწერებიც შეაგროვა, რომლითაც პარლამენტისთვის კომისიის შესაქმნელად ოფიციალურად აპირებს მიმართვას.

კომისიის შესაქმნელად დეპუტატთა სრული რაოდენობის ერთი მესამედის, ანუ 50 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. ევროპული საქართველოსა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები კომისიის შექმნას მხარს დაუჭერენ. მაჩალიკაშვილს დამატებით დამოუკიდებელი დეპუტატების მხარდაჭერის იმედი აქვს. 

ფრაქციის განცხადებით, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, იყო თუ არა მაჩალიკიშვილების ოჯახის რომელიმე წევრი კავშირში ტერორისტულ ორგანიზაციებთან ან ჯგუფებთან, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სპეცოპერაციის საფუძველი გახდა. 

"ვფიქრობთ, რომ სუს-ის ხელთ არსებული მასალების გასაჯაროვება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აღნიშნულზე პასუხის გაცემას," - წერია განცხადებაში. 

დეპუტატების განცხადებით, კვლავ რჩება კითხვები სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, რომლის საგამოძებო პროცესიც კონკრეტული შედეგის გარეშე დაიხურა. 

"სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად და საზოგადოებისათვის სრული ინფორმაციის მისაწოდებლად, მხარს დავუჭერთ ნებისმიერ ფორმატში საქმის მასალების გასაჯაროების პროცესს, მათ შორის საგამოძიებო კომისიის შექმნას, თუკი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში გაიმართება კენჭისყრა,"- წერენ დეპუტატები. 

ფრაქციას "დამოუკიდებელი დეპუტატები" მარიამ ჯაში, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, ლევან კობერიძე, კობა ნარჩემაშვილი და გედევან ფოფხაძე შეადგენენ. 

ამ საკითხთან დაკავშირებით 29 იანვარს მაჩალიკაშვილს პარლამენტში ბრიფინგის გამართვა სურდა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მასზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, თინა ბოკუჩავას, მიერ ოფიციალური საშვი იყო დაშვებული, მაჩალიკაშვილი დაცვამ შენობაში არ შეუშვა და არც ამის მიზეზი განუმარტა, რის შედეგადაც მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა. 

"ქართულ ოცნებას არ უნდა, რომ შეიქმნას ეს კომისია იმიტომ, რომ ისინი იქ იმ საშიშროებას ხედავენ, რომ ამ საქმეს გადაყვებიან,"- ამბობს მაჩალიკაშვილი. 

პროკურატურის განცხადებით, მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ და მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიება 25 იანვარს შეწყდა. უწყების განცხადებით, "სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ სპეციალური ოპერაციების სამმართველოს თანამშრომელი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, საფრთხე იყო რეალური, იმწუთიერი და მისი ქმედების მიზანს მხოლოდ ამ საფრთხიდან საკუთარი თავის და გარშემომყოფთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა წარმოადგენდა, ასევე დადასტურდა, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმის არც ერთ წევრს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია, რის გამოც საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო".

2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, მეხუთე - 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი კი საკუთარ საძინებელში მოკლეს - მას სპეცრაზმელის ტყვია თავში მოხვდა. ოფიციალური ვერსიით, მაჩალიკაშვილმა ხელყუმბარის გახსნა სცადა და გასროლაც სწორედ ამიტომ მოხდა.

თავში მძიმედ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი სპეცოპერაციიდან რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები