ცოტნე გამსახურდიას საქმე

გამსახურდიას ცოლი: ცოტნეს ღვიძავს უკვე არაერთი დღეა და ნელ-ნელა იბრუნებს ფუნქციებს

პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას ცოლის ინფორმაციით, თურქმა ექიმებმა პაციენტი დაახლოებით ორი კვირის გააღვიძეს. ანა ჯაბაური Facebook-ზე წერს, რომ 

"საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, მოკლედ მოგახსენებთ ცოტნეს რეალური მდგომარეობის შესახებ, ახლა უკვე ცოტნეს პალატიდან.

ცოტნეს სამკურნალო ნარკოზი მოხსნილი აქვს, დაახლოებით, ორი კვირაა, და შესაბამისად, მისი გაღვიძებაც სწორედ მაშინ მოხდა. ეს ფაქტი ცნობილი არ იყო ინფორმაციის გაცემის აკრძალვის გამო. ამჟამად, ზემოთაღნიშნული აკრძალვა მოხსნილია, შესაბამისად, გაღვიძების შესახებ ინფორმაცია დღეს გახმაურდა.

სედაციის მოხსნის შემდეგ პაციენტს სჭირდება გარკვეული დრო ამა თუ იმ ფუნქციის აღსადგენად. ცოტნეს მდგომარეობა ძალიან ნელა, მაგრამ მაინც უმჯობესდება, შეინიშნება დადებითი დინამიკა. მართვით სუნთქვაზე თითქმის აღარაა (იშვიათად გადაჰყავთ მცირე ხნით, დასუსტებული ორგანიზმის დასასვენებლად). მიუხედავად იმისა, რომ ექიმების თქმით, ჯერჯერობით მხოლოდ ტკივილზე რეაგირებს, მასთან ჩემი დაკონტაქტებისთანავე მეც და მედპერსონალმაც ემოციის გამოხატვის აშკარა ნიშნები შევნიშნეთ ცოტნეს, რის გამოც ექიმებმა მირჩიეს, ნაცვლად პაციენტის ნახვის დაწესებული ერთი საათისა, მასთან მთელი დღე გავატარო ხოლმე.

ასე, რომ ცოტნეს ღვიძავს უკვე არაერთი დღეა და ნელნელა იბრუნებს ფუნქციებს. წინ კიდევ ბევრი ბრძოლა გვაქვს, თუმცა ცოტნეს გამარჯვების იმედი ნამდვილად გვაქვს" - წერს ჯაბაური.

ცოტნე გამსახურდიას გაღვიძების შესახებ ინფორმაცია კონსტანტინე გამსახურდიამ დღეს, 30 იანვარს გაავრცელა.

ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს დაჭრეს. მისი მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმე იყო.

კომენტარები