პლანეტის უმდიდრესი ადამიანები

ჯეფ ბეზოსი 15 წუთის შუალედში $13 მილიარდით გამდიდრდა

პლანეტის უმდიდრესი ადამიანის, ჯეფ ბეზოსის ქონება დაახლოებით, 15 წუთის შუალედში 12,8 მილიარდი დოლარით გაიზარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც Amazon-მა გასული წლის მეოთხე კვარტლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. 

ამგვარად, ბეზოსმა კიდევ უფრო გაიმყარა პლანეტის უმდიდრესი ადამიანის სტატუსი. კომპანიის ბოლო კვარტლის ფინანსურმა შედეგებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. საანგარიშო პერიოდში კომპანიის შემოსავალი 21%-ით, 87 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. Amazon-ის წმინდა მოგებამ 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 300 მილიონი დოლარით აღემატება. 

ერთ აქციაზე მოგებამ 6,47 დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ფინანსური ანგარიშის გამოცხადებამ ინვესტორების განწყობაზე ძალიან დადებითად იმოქმედა კომპანიის აქციებზე ფასი 12%-ით გაიზარდა. შედეგად, დაახლოებით, 15 წუთის შუალედში ჯეფ ბეზოსი 12,3 მილიარდი დოლარით გამდიდრდა. ჯეფ ბეზოსის ქონება ამ დროისთვის 128,9 მილიარდ დოლარს შეადგენს. 

საანგარიშო პერიოდში Amazon Primes მომხმარებელთა რიცხვმა 150 მილიონს გადააჭარბა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 50%-ით მეტია. რეკორდულად მაღალი იყო კომპანიის გაყიდვები საშობაო სეზონზე. ამასთან ერთად, ბეზოსის თქმით, მომავალი წლიდან Amazon Prime-ის წევრებისთვის შეკვეთის მიტანის დრო ერთ დღეს არ გადააჭარბებს. 

კომპანიის აქციებზე ფასის ზრდამ კიდევ უფრო გაამყარა Amazon-ის პოზიციები ტრილიონერ კომპანიათა კლუბში. ამ დროისთვის კლუბში სულ ოთხი ამერიკული კომპანიაა, ესენია: Apple, Alphabet [Google], Microsoft და Amazon. 

იანვრის ბოლოს ამერიკული კომპანიები წინა წლის ბოლო კვარტლის ფინანსურ შედეგებს აქვეყნებენ. ეს საფონდო ბირჟებზე ვაჭრობის მოცულობას ზრდის. წინა დღეებში ფინანსური ანგარიშები გამოაქვეყნა Facebook-მა და Tesla-მ. 

წლის დასაწყისი უიღბლო აღმოჩნდა მარკ ზაკერბერგისთვის, რამდენიმე საათის შუალედში მისი ქონება თითქმის 5 მილიარდი დოლარით შემცირდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ ბოლო ფინანსურ კვარტალში კომპანიის მოგებაზე მეტად, ხარჯები გაიზარდა. 

მიმდინარე წელი ჯერჯერობით ძალიან იღბლიანია ილონ მასკისთვის. ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებიდან ერთი საათის განმავლობაში მასკი 2,3 მილიარდი დოლარით გამდიდრა. ხოლო 2020 წლის განმავლობაში Tesla-ს დამფუძნებლის ქონება 6 მილიარდი დოლარით არის გაზრდილი.

კომენტარები