ავსტრალიის ხანძარი

ხანძრის გამო ავსტრალიამ დედაქალაქ კანბერას რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

BBC

BBC-ის ცნობით, ავსტრალიის ფედერალური ტერიტორიის ადმინისტრაციამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რადგან ბუჩქნარში გაჩენილმა ხანძარმა სამხრეთ კანბერას მიაღწია. 

ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ეს ყველაზე დიდი სახანძრო საშიშროებაა, რომელიც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ტერიტორიას დაემუქრა. 

როგორც ბრიტანული მედია წერს, სამხრეთში ხანძრის მთავარი კერა უკვე 18 500 ჰექტარზე მეტზეა გავრცელებული. 

ამასთან, ხელისუფლებამ კანბერაში მცხოვრები მოქალაქეები გააფრთხილა, რომ ფხიზლად იყვნენ შესაძლო ევაკუირების შემთხვევაში. 

"ამ ეტაპზე ავსტრალიის ფედერალური ტერიტორიის ადმინისტრაციისთვის არ არსებობს უფრო დიდი პრიორიტეტი, ვიდრე ხანძრის საფრთხე,"- ამბობს შტატის მთავრობის მეთაური ენდრიუ ბარი. 

სიდნეისა და მელბურნს შორის არსებულ პატარა ტერიტორიაზე, დაახლოებით, 400 000 ადამიანი ცხოვრობს. 

სექტემბრიდან ავსტრალიის ბუჩქნარში გაჩენილმა ხანძარმა 33 ადამიანი და ათასობით სახლი იმსხვერპლა. მიწის 11 მილიონ ჰექტარზე მეტი გადაიწვა.

კომენტარები