სახელმწიფო უსაფრთოების სამსახური

ძმები ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის მცდელობის საქმეზე დაკავებულ პირებს პატიმრობა შეეფარდათ

Interpressnews

ძმები ფეიქრიშვილების საქმეზე დაკავებულ ექვსივე პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

ადვოკატები დაკავებულებისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების ნაწილში პროკურატურის არგუმენტები გაიზიარა. 

საქართველოს 6 და უკრაინის 1 მოქალაქე ძმები ფეიქრიშვილების აფეთქების დაგეგმვის გამო გუშინ, 30 დეკემბერს დააკავეს.  

სუს-ის ინფორმაციით, ფეიქრიშვილების ლიკვიდაცია უკრაინაში დაიგეგმა და საქართველოში უნდა განხორციელებულიყო. მათივე ინფორმაციით, დაკავებული პირები ძმები ფეიქრიშვილების ავტომანქანაში აფეთქებას დისტანციურად მოქმედი ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით გეგმავდნენ.   

სუს-ის ინფორმაციით, ორი ადამიანის ლიკვიდაციის მიზნით, უკრაინაში მყოფი პირი დაუკავშირდა უკრაინის მოქალაქეს და ვითარების შესასწავლად თბილისში გამოაგზავნა. უწყებაში ამბობენ, რომ საქართველოში ჩამოსული უკრაინის მოქალაქე შეხვდა საქართველოს ორ მოქალაქეს (გ.ბ. და ბ.ც.), რომლებმაც მას მიაწოდეს ინფორმაცია იმ ორი ადამიანის შესახებ, რომელთა მკვლელობაც იგეგმებოდა. 

სუს-ის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე გ.ბ.-მ უკრაინის მოქალაქეს ძმების ოჯახზე, საცხოვრებელ სახლებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე, რომლებსაც ძმები სტუმრობდნენ, ინფორმაციის შეგროვება დაავალა. ასევე, გადასცა ცეცხლსასროლი იარაღი - პისტოლეტები, ავტომატები ვაზნებითა და დამატებითი მჭიდებით, ასევე, ფულადი თანხის ნაწილი 4000 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც საჭირო იყო თავდასხმის ოპერაციის დაგეგმვის, მომზადებისა და სხვა ხარჯებისთვის. ხოლო საქართველოს მეორე მოქალაქემ (ბ.ც.), რომელიც ასევე იმყოფებოდა უკრაინის მოქალაქესთან პირველ შეხვედრაზე, მას ერთ კილოგრამი ტროტილიც გადასცა.

რაც შეეხება საქართველოს კიდევ ოთხ მოქალაქეს, რომლებიც ბათუმში დააკავეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მათ, სავარაუდოდ, უკრაინაში მყოფი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტებისგან მიღებული დავალებით, ორგანიზება გაუწიეს დისტანციური ასაფეთქებელი მოწყობილობის კუსტარულ დამზადებას. 

გ.ბ.-ს და ბ.ც.-ს დამამძიმებელ გარემოებებში ორი პირის განზრახ მკვლელობის მომზადების ედავებიან. მათ ბრალი წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109 მუხლით, რაც სასჯელის სახით 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას გულისხმობს.

რაც შეეხება რ.ბ.-ს, ნ.ბ.-ს, გ.თ.-ს და ი.მ.-ს, რომლებიც ბათუმში დააკავეს, მათ გამოძიება ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას, დამზადებასა და გასაღებას ედავება. ბრალი წარდგენილი აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-5 და მე-6 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

გარდა ამისა, საქართველოში მიმდინარე დაკავების ღონისძიებების პარალელურად, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ქალაქ ხარკოვში ამავე დანაშაულთან კავშირში მყოფი პირი, უკრაინის მოქალაქე ბ.მ. დააკავეს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი აწარმოებს.

კომენტარები