ენზელ მკოიანი

ენზელ მკოიანის ოჯახის კომპანიებმა ბიუჯეტიდან 2.3 მილიონი მიიღეს გასულ 9 წელიწადში

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ცნობით, ახალაქალაქი-ნინოწმინდის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის ოჯახის წევრების კომპანიებმა 2010-2019 წლებში ბიუჯეტიდან 2 312 278 მიიღეს.

ჯამში, მკოიანის შვილების, ძმისა და ბიძის კომპანიებს საწვავის შეყიდვასთან დაკავშირებული 674 ტენდერი გაუფორმდათ, აქედან 665 პირდაპირი წესით. შესყიდვები ჯავახეთში შედგა, სადაც მკოიანის მაჟორიტარული ოლქია.

მკოიანის ოჯახის წევრებისგან ბიუჯეტის ფულით საწვავს დეპუტატის ბიუროც ყიდულობდა, რისთვისაც 78 339 ლარი დაიხარჯა.

ენზელ მკოიანი პარლამენტის დეპუტატი 1999 წლიდანაა. ვარდების რევოლუციის შემდეგ ის ნაციონალურ მოძრაობას შეუერთდა. 2012 წელს პარლამენტში ნაციონალური მოძრაობიდან შევიდა, 2016 წელს კი ქართული ოცნებიდან.

მკოიანი პარლამენტის ყველაზე "მდუმარე" წევრია - გასული წლების მანძილზე, საკანონმდებლო ორგანოში ის სიტყვით არ გამოსულა.

მისმა ოჯახის წევრებმა, ბიძამ და ძმამ ნაციონალურ მოძრაობას 2012 წლამდე 115 ათასი ლარი შესწირეს, ხოლო ქართული ოცნების ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ, ახალ მმართველ პარტიას 213 ათასი ლარი შესწირეს.

 

კომენტარები