ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

ბაქრაძე: ევროსაბჭოს რეზოლუცია კიდევ ერთი მძიმე საერთაშორისო დარტყმაა ქართული ოცნებისთვის

ტაბულა

ევროპული საქართველოს დეპუტატი დავით ბაქრაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება, სადაც საერთაშორისო ორგანიზაცია პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და ქართულ ოცნებას დაჟინებით მოუწდებს, მიიღოს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელსაც ყველა მონაწილე მხარის ნდობა და მხარდაჭერა ექნება. 

ბაქრაძე ამბობს, რომ ეს რეზოლუცია კიდევ ერთი მძიმე საერთაშორისო დარტყმაა ქართული ოცნების მიმართ. 

"ამ რეზოლუციაში პირდაპირ არის გამოხატული ევროსაბჭოს დამოკიდებულება ქვეყანაში მიმდინარე მთავარი პროცესების მიმართ,"- ამბობს ბაქრაძე. 

დეპუტატის თქმით, მთავარი ჩანაწერი 2020 წლის არჩევნებს უკავშირდა, სადაც პირდაპირ წერია ევროსაბჭოს მოთხოვნა, შეიცვალოს სისტემა და შეიცვალოს ისე, რომ იყოს შეთანხმებული ოპოზიციასთანაც. 

"ეს არის ძალიან მძიმე ჩანაწერი ქართული ოცნებისთვის და ტყუილად ნუ გაიხარებენ სიტყვა პროპორციულის ამოღებით," - ამბობს ბაქრაძე. 

დეპუტატი განმარტავს, რომ სიტყვა "პროპორციული" იმიტომაა ამოღებული, რომ ოპოზიციას კომპრომისის სახით სხვა მოდელებიც აქვს წარდგენილი, მათ შორის ე.წ გერმანული და მრავალმანდატიანი მოდელები, რომლებიც კლასიკური გაგებით პროპორციული საარჩევნო სისტემა არ არის. 

"ამიტომ, სიტყვა პროპორციული ამოიღეს სწორედ იმიტომ, რომ ოპოზიციის მოდელებისთვის მიეცათ შეთანხმების პერსპექტივა,"- თქვა დავით ბაქრაძემ. 

დეპუტატის შეფასებით, ძალიან მკაფიოა მოთხოვნა, რომ სისტემა უნდა შეიცვალოს და მისაღები გახდეს ოპოზიციისთვის. 

"ეს არის კიდევ ერთი მძიმე საერთაშორისო დარტყმა ქართული ოცნებისთვის, რომელიც იძახის, რომ არაფრის შეცვლას აპირებს და ამ სისტემით გეგმავს არჩევნების ჩატარებას. ამიტომ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამაც თავისი პოზიცია გამოხატა.

ეს არის კიდევ ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, სადაც ქართულ ოცნებას აქვს პრობლემა და აუცილებელია, ქართულმა ოცნებამ გადადგას ნაბიჯები სისტემის შესათანხმებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ხელისუფლება ძალიან სწრაფად მოყვება სრული საერთაშორისო იზოლაციის პირობებში და უფრო მეტიც ეს რეზოლუცია ქმნის რეალურ საფუძველს, მოხდეს არჩევნების ლეგიტიმაციაზე კითხვის ნიშნების დასმა არჩევნების შემდეგ,"- ამბობს დავით ბაქრაძე. 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია ევროსაბჭოს წევრ 10 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, 2019 წელს განხორციელებულ მონიტორინგს ეხება. 

"საქართველოს მმართველ უმრავლესობას დაჟინებით მოვუწოდებთ, 2020 წლის არჩევნებამდე უზრუნველყოს ისეთი საარჩევნო სისტემის მიღება, რომელსაც ექნება ყველა ჩართული მხარის მხარდაჭერა და ნდობა,"- წერია რეზოლუციაში. 

ევროსაბჭო შეშფოთებას გამოხატავს აუცილებელი საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის გამო, რომელიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებას ისახავდა მიზნად. ევროსაბჭო ასევე შეშფოთებას გამოხატავს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს არსებული ინციდენტებისა და საარჩევნო კოდექსის სავრაუდო დარღვევის გამოძიებისა და საპასუხო ზომების მიღების ნაკლებობის გამო.

კომენტარები