თავდასხმა ლევან ხაბეიშვილზე

ხაბეიშვილზე ჯგუფური ძალადობის ფაქტზე საკრებულოს წევრებს ბრალი წარედგინათ

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ ლევან ხაბეიშვილზე ჯგუფური ძალადობის ფაქტზე საკრებულოს წევრებს - ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძეს და თარაშ შურღაიას ბრალი წარედგინათ.

"2020 წლის 24 იანვარს ქ. თბილისის საკრებულოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საკრებულოს წევრის ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, თბილისის საკრებულოს წევრებს - ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძეს და თარაშ შურღაიას წარედგინათ ბრალდება დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით", - წერია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, 24 იანვარს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ზარქუას მიმართ ძალადობის ფაქტზე, "საპროცესო მოქმედების ჩატარების მიზნით", ლევან ხაბეიშვილი საგამოძიებო ორგანოშია დაბარებული.

თბილისის საკრებულოში კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატებმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს, ლევან ხაბეიშვილს, 24 იანვარს სცემეს. 

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ქართული ოცნების დეპუტატი თარაშ შურღაია რამდენჯერმე ურტყამს ხელს ხაბეიშვილს ჯერ მხარზე, შემდეგ კი თავში - ხაბეიშვილი ამ დროს ლაპარაკობდა. თავში ჩარტყმის შემდეგ კი ხაბეიშვილი წამოდგა და მას ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატი დაესხა თავს.

კომენტარები