შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

NAEC: 2020 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდებზე მხოლოდ ერთი ტიპის ტესტი იქნება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, სამაგისტრო მისაღები გამოცდების ტესტირებებში ცვლილებები შედის. 

კერძოდ, NAEC-ის განცხადებით, 2020 წელს საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველებს A, B და C ტიპის ტესტის არჩევა აღარ მოუწევთ. ცენტრის ცნობით, ეს სრულად მოხსნის საგანმანათლებლო პროგრამების არჩევასა და მობილობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. 

"ისინი ერთ ტესტს ჩააბარებენ, რომელიც კვლავ შედგენილი იქნება 4 ნაწილისგან: წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა. ამათგან წაკითხულის გააზრებისა და ლოგიკური მსჯელობის ნაწილები დარჩება ისეთივე, როგორიც 2017-2019 წლების ტესტებში იყო,"- წერია განცხადებაში. 

რაც შეეხება ანალიტიკური წერის ნაწილს, აქ კვლავ ორი დავალება დარჩება, თუმცა სამართლის მიმართულებაზე სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის განკუთვნილი სპეციფიკური დავალება აღარ იქნება. ამასთან, ცენტრის ცნობით, რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილი საშუალო სირთულის გახდება. 

"ანუ რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილში ცენტრი შესთავაზებს მაგისტრანტობის კანდიდატებს 2017-2019 წლების ტესტებში გამოყენებული რთული და მარტივი ვარიანტების გასაშუალოებულ ვერსიას,"- წერს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. 

ცენტრის განცხადებით, ნიმუში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge 15 თებერვლამდე გამოქვეყნდება. 

კომენტარები