დიდი ბრიტანეთი

ახალი ეპოქის განთიადი - ბორის ჯონსონის მიმართვა დიდ ბრიტანეთს ევროკავშირის დატოვებამდე

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა, ევროკავშირის ოფიციალურად დატოვებამდე ერთი საათით ადრე მოქალაქეებს მიმართა. 

ჯონსონი ამბობს, რომ დღევანდელი ღამე არის არა დასასრული, არამედ დასაწყისი:

"დღეს ღამით ჩვენ ვტოვებთ ევროკავშირს. ბევრი ადამიანისთვის ეს იმედის გასაოცარი წუთებია, წუთები, რომლებზეც არ ელოდნენ, რომ ოდესმე დადგებოდა და, რა თქმა უნდა, ასევე ბევრია, ვინც შფოთსა და დანაკლისს განიცდის. არის ასევე მესამე ჯგუფიც, ყველაზე დიდი, რომელმაც დაიწყო ღელვა იმაზე, რომ მთელი ეს პოლიტიკური შეხლა-შემოხლა არასდროს დარულდებოდა. 

მე მესმის ყველა ამ გრძნობის და ჩვენი, როგორც ხელისუფლების, ჩემი საქმეა ქვეყნის გაერთიანება და მისი წინ წაყვანა. 

ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რისი თქმაც მინდა დღეს ღამით ისაა, რომ ეს არ არის დასასრული, ეს არის დასაწყისი. 

ეს არის მომენტი, როდესაც განთიადი იჭრება და ფარდა იხსნება ახალი მოქმედებისთვის ჩვენს დიდ ეროვნულ დრამაში. 

და დიახ, ეს ნაწილობრივ ეხება ამ ახალი ძალაუფლების გამოყენებას, ეს დაბრუნებული სუვერენიტეტია, რათა მივცეთ ხალხს ის ცვლილებები, რომლებსაც ხმა მისცეს - იქნება ეს იმიგრაციის კონტროლი თუ თავისუფალი პორტების შექმნა, თუ ჩვენი მეთევზეობის ინდუსტრიის გათავისუფლება, თუ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების დადება, თუ უბრალოდ, ჩვენი კანონებისა და წესების ხალხის სასარგებლოდ მორგება. 

და, რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ ეს არის სწორი და დემოკრატიული და ჯანსაღი რამ, რადგან მიუხედავად მისი ყველა სიძლიერისა და ყველა აღმაფრთოვანებელი თვისებისა, ევროკავშირი ბოლო 50 წლის განმავლობაში იმ მიმართულებით განვითარდა, რაც ამ ქვეყანას აღარ შეესაბამება. და ეს არის განაჩენი, რომელიც თქვენ, ხალხმა დაადასტურეთ საარჩევნო ყუთებთან, არა ერთხელ, არამედ ორჯერ. 

და მაინც, ეს წუთი უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ეს. ეს არ ეხება მხოლოდ რაღაც სამართლებრივი ვალდებულებისგან თავისუფლებას. ეს პოტენციურად არის ნამდვილი ეროვნული განახლებისა და ცვლილებების მომენტი. ეს არის ახალი ეპოქის განთიადი, რომელშიც ჩვენ აღარ მივიღებთ, რომ თქვენი ცხოვრებისეული შანსები, თქვენი ოჯახის ცხოვრებისეული შანსები იყოს დამოკიდებული იმაზე, თუ ქვეყნის რომელ ნაწილში გაიზარდეთ". 

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს ოფიციალურად ლონდონის დროით 23:00 საათზე დატოვებს, თუმცა 2020 წლის განმავლობაში გარდამავალი პერიოდი იმოქმედებს.

29 იანვარს ევროპარლამენტმა ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შეთანხმებას მხარი დაუჭირა. შეთანხმებას მხარი 621 დეპუტატმა დაუჭირა, საწინააღმდეგო პოზიცია 49 პარლამენტარმა დააფიქსირა, ხოლო 13-მა დეპუტატმა პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა. 

ევროკავშირის შემადგენლობიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შესახებ რეფერენდუმი 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა. ამომრჩეველთა 52%-მა ხმა ევროკავშირის დატოვებას მისცა.

კომენტარები