დიდი ბრიტანეთი

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად დატოვა

ლონდონის ქუჩებში მოქალაქეები ევროკავშირიდან გასვლას აღნიშნავენ
BBC

47-წლიანი გაერთიანების შემდეგ 2020 წლის 31 იანვარს, ლონდონის დროით 23:00 საათზე დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად დატოვა.

ევროკავშირის ოფიციალურად დატოვებამდე ერთი საათით ადრე დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა, მოქალაქეებს მიმართა და ბრექსითს "ახალი ეპოქის განთიადი" უწოდა. მიმართვა ჯონსონმა ასევე განაცხადა, რომ ეს ღამე არა დასასრული, არამედ დასაწყისია. 

ბრექსითის აღსანიშნად დაუნინგის ქუჩა დიდი ბრიტანეთის დროშის ფერებში განათდა და ევროკავშირიდან გასვლის მომხრეების სახალხო ზეიმი მოეწყო. 

ევროკავშირის დატოვების მიუხედავად, 2020 წლის განმავლობაში გარდამავალი პერიოდი იმოქმედებს. 

29 იანვარს ევროპარლამენტმა ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შეთანხმებას მხარი დაუჭირა. შეთანხმებას მხარი 621 დეპუტატმა დაუჭირა, საწინააღმდეგო პოზიცია 49 პარლამენტარმა დააფიქსირა, ხოლო 13-მა დეპუტატმა პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა. 

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა ევროკავშირიდან გასვლას ღირსეული გადაწყვეტილება უწოდა, რომლის შემდეგაც ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზე გადავა. 

"ეს ჩვენი ქვეყნისთვის დიდი მომენტია, მომენტი დიდი იმედისა და შესაძლებლობების", — განაცხადა ჯონსონმა. 

ევროკავშირის შემადგენლობიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შესახებ რეფერენდუმი 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა. ამომრჩეველთა 52%-მა ხმა ევროკავშირის დატოვებას მისცა.

კომენტარები