პროპორციული არჩევნები

კიკნაველიძე: ივანიშვილი ამ არჩევნებს ყველა მოდელით წააგებს, ახლა წყდება - როგორ წააგებს

ტაბულა

ევროპული საქართველოს წევრის ირაკლი კიკნაველიძის თქმით, 4 თებერვალს დაგეგმილი აქცია მხოლოდ ერთი დეტალია იმ ფართო პროტესტისა, რასაც ოპოზიცია და სამოქალაქო მოძრაობა გეგმავს ხელისუფლების წინააღმდეგ. ამის შესახებ კიკნაველიძემ TV პირველის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართული ოცნებისთვის დისკომფორტის შექმნას გააგრძელებენ.

"პარალელურად, მიმდინარეობს მოლაპარაკებების რაუნდი ხელისუფლებასთან, რომელსაც მე მაინც დიდი იმედით ვუყურებ, რადგან მჯერა, ჩვენ, ქართველი ხალხი და საერთაშორისო პარტნიორები მოვახერხებთ, რომ საკმარისი ზეწოლა იყოს ქართული ოცნების ხელისუფლებასა და პირადად ბიძინა ივანიშვილზე, რათა დაიხიოს უკან და მისცეს ქართველ ხალხს ის, რაც დაიმსახურა - სამართლიანი და პროპორციული არჩევნები.

ამ ფართო ბრძოლის ნაწილია 4 თებერვლის აქცია. ჩვენ ვაპირებთ, გავაგრძელოთ საქართველოს ხელისუფლებისთვის დისკომფორტის შექმნა, ჩვენ გავაგრძელებთ მათთვის იმის შეხსენებას, თუ რა შეცდომები დაუშვეს, რაში მოატყუეს ქართველი ხალხი და ამ დისკომფორტის ფონზე მოუწევთ ე.წ საკანონმდებლო მუშაობა" - აღნიშნა კიკნაველიძემ.

ევროპული საქართველოს წევრის თქმით, ოპოზიცია და სამოქალაქო მოძრაობა პროტესტის არაერთ ფორმას გამოიყენებს, მათ შორის, "ჩვენ ვნახავთ სირცხვილის კორიდორებსაც, ჩვენ ვნახავთ პიკეტსაც, ჩვენ ვნახავთ დისკომფორტის შექმნის ყველა კანონიერ გზას, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობა უშვებს".

ირაკლი კიკნაველიძე აღნიშნავს, რომ ამავდროულად გაგრძელდება მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან.

"მჯერა, პარალელურად, დიდი იქნება საერთაშორისო პარტნიორებისგან წნეხი, რომელსაც ბოლო კვირების და თვეების განმავლობაში აქტიურად ვხედავთ. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ერთად იქნება გადამწყვეტი ფაქტორი" - ამბობს კიკნაველიძე და აღნიშნავს, რომ აქციებს ექნება სხვადასხვა ფორმა და ინტენსივობა, მაგრამ შინაარსი ერთი დარჩება. 

"ჩვენ ვუყურებთ ამ პროცესს, როგორც ბრძოლას პროპორციული არჩევნებისთვის და ეს ბრძოლა ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, მაგრამ არ მინდა, რომ არასწორი შთაბეჭდილება შეგვექმნას. ჩვენ მზად ვართთ, აქ, დღეს რა რეალობაც არის, ამ რეალობაშიც ვაჯობოთ ხელისუფლებას და ამ რეალობაშიც მოვუგოთ.

ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს თავის დაწყნარების საშუალება, რომ ბოლომდე გაიტანს ამ ყველაფერს და მერე ნახავს დამარცხებულ ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას. ეს ასე არ იქნება, ბრძოლას ჩვენ ყველა შემთხვევაში გავაგრძელებთ. ჩვენ ვემზადებით როგორც ცუდი, ისე ყველაზე ცუდი სცენარისთვის, ამიტომ თავის დაწყნარების საშუალება ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს, რა მოდელითაც არ უნდა ჩაატაროს, ყველანაირად წააგებს ამ არჩევნებს, ახლა სხვა რაღაც წყდება - არა ის, თუ ამ არჩევნებს ვინ მოიგებს და ვინ წააგებს, არამედ, როგორ წააგებს ქართული ოცნება ამ არჩევნებს და რა მორალური პოზიციებით დარჩება ქართულ პოლიტიკაში, თუ დარჩება საერთოდ. ეს წყდება და არა ის, წააგებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი არჩევნებს, ის ყველა შემთხვევაში, ყველა მოდელით წააგებს, ამაში დარწმუნებული უნდა იყოს ის თავად" - თქვა ირაკლი კიკნაველიძემ.

კომენტარები