თეირანში ჩამოვარდნილი უკრაინული თვითმფრინავი

ზელენსკი: დასტურდება, რომ ირანს თვითმფრინავის ჩამოგდებაზე თავიდანვე ჰქონდა ინფორმაცია

ვოლოდიმირ ზელენსკი
Ukrainian Presidential Press service

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ირანულმა მხარემ თავიდანვე იცოდა 8 იანვარს თეირანში ჩამოგდებული თვითმფრინავის შესახებ.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამას თეირანის აეროპორტის მიმღებსა და ირანული ავიაკომპანიის პილოტის საუბრის ჩანაწერი მოწმობს. 

"ირანული ავიაკომპანიის პილოტმა დაინახა ბორტისადმი რაკეტის გაშვება და შეჯახება. ეს ადასტურებს, რომ ირანულმა მხარემ თავიდანვე იცოდა, რომ თვითმფრინავი რაკეტამ ჩამოაგდო, ეს მათთვის ცნობილი იყო აფეთქების წუთიდან,"- ამბობს ზელენსკი. 

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამ საუბრის ჩანაწერი მასთან სპეცსამსახურების დახმარებით მოხვდა. ზელენსკი ასევე აღნიშნავს, რომ ირანის თავდაპირველ ვერსიას, რომ კატასტროფა ტექნიკური შეცდომის გამო მოხდა, უკრაინა უარყოფდა. 

"ჩვენ ვიცოდით, რომ ეს შეუძლებელი იყო. მე ამაზე ვსაუბრობდი, შესაძლოა, არა ღიად. თუმცა, როდესაც ჩვენ მივედით ყველა დაღუპულის მშობლებთან და ახლობლებთან, მე მათ ვეუბნებოდი, რომ ეს ეკიპაჟის შეცდომა არ იყო. მაშინვე ვიცოდით, რომ თვითმფრინავი ახალი იყო, ერთერთი საუკეთესო ეკიპაჟით. ჩვენ გვესმოდა, რომ ირანელებს ამ მეთოდით სურდათ თავი დაეცვათ - გაევრცელებინათ ინფორმაცია, რომ ეს ტექნიკური შეცდომა იყო,"- თქვა ზელენსკიმ. 

8 იანვარს თეირანში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა. თავდაპირველად ირანი თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზად ტექნიკურ გაუმართაობას ასახელებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც რამდენიმე ქვეყნის ლიდერმა, მათ შორის კანადის, სპეცსამსახურებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავი ირანული რაკეტის შეჯახების შედეგად ჩამოვარდა, ირანის პრეზიდენტმა აღიარა, რომ თვითმფრინავს რაკეტა "ადამიანური შეცდომის გამო დაეჯახა". 

თვითმფრინავი ირანმა იმავე დღეს ჩამოაგდო, რა დღესაც ირანი ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზებს თავს დაესხა.

ჩამოგდების შედეგად, ბორტზე მყოფი ვერცერთი ადამიანი ვერ გადარჩა. დაიღუპა 176-ვე მგზავრი, მათ შორის 11 უკრაინელი და ყველაზე მეტი კანადელი და ირანელი. 

კომენტარები