კორონავირუსი

4 თებერვლიდან კორონავირუსის საბოლოო დიაგნოსტირება საქართველოშიც იქნება შესაძლებელი

0 კომენტარი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, ხვალიდან, 4 თებერვლიდან, კორონავირუსის იმ ქვეტიპის საბოლოო დიაგნოსტირება, რომელიც გავრცელებულია ჩინეთში, საქართველოშიც იქნება შესაძლებელი.

ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დიაგნოსტირება ლუგარის ლაბორატორიაში იქნება შესაძლებელი. მისი თქმით, აღარ იქნება აუცილებლობა სინჯების სხვა ქვეყნების ლაბორატორიებში გადაგზავნა.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციითვე, საქართველო კვლავ რჩება დაბალი რისკის ქვეყანათა ჯგუფში, რადგან ქვეყანაში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ისაუბრა იმ სამ ადამიანზეც, რომლებიც ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში არიან. მისი თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და კორონავირუსზე საბოლოო ტესტის პასუხებს როტერდამიდან, სავარაუდოდ, ხვალ მიიღებენ.

"სამივეს კლინიკური მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, მიმდინარეობს მათზე დაკვირვება. სამივე გახლავთ საქართველოს მოქალაქე, სამივეს აქვს ისტორია ჩინეთში ყოფნისა სხვადასხვა პერიოდში. აქედან ერთია, რომელიც იყო ყველაზე უფრო დაზიანებულ რეგიონში, ქალაქ ვუხანში. ამიტომ მათზე დაკვირვება მიმდინარეობს. ისინი გამოკვლეული არიან ჩვენთან 22 რესპირატორულ ვირუსზე, რომლებსაც ჩვენ ვიკვლევთ ლუგარის ცენტრში. 2 ადამიანის სინჯები გადაგზავნილია ევროპის ერთერთ რეფერალურ ლაბორატორიაში, კერძოდ, როტერდამში და დიდი იმედი გვაქვს, რომ პასუხები გვექნება უკვე ხვალ", - აღნიშნა გამყრელიძემ.

ახალი ვირუსი ჩინეთში, ქალაქ ვუხანში თავდაპირველად გასული წლის დეკემბრის დასაწყისში შენიშნეს. 7 იანვარს დადასტურდა, რომ ახალი ტიპის ვირუსი აღმოაჩინეს.

ახალი ვირუსის სახელია 2019-nCoV. ცნობილია, რომ ის კორონავირუსის ოჯახთა ჯგუფს მიეკუთვნება. ახალი კორონავირუსის ჩათვლით ამჟამად 7 ტიპის კორონავირუსი არსებობს, რომლებსაც ადამიანის დაავადება შეუძლიათ. აქედან ალფა და ბეტა ტიპის კორონავირუსები ყველაზე გავრცელებულია.

არაერთმა ქვეყანამ ჩინეთში პირდაპირი ფრენები შეაჩერა, მათ შორისაა საქართველო. რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა და იაპონიამ ვირუსის ეპიცენტრიდან, ქალაქ ვუხანიდან თავიანთი მოქალაქეების ნაწილის ევაკუაცია მოახდინა.

30 იანვარს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ხუთმა პირმა ადამიანი შურისძიების მიზნით გაიტაცა და სცემა, ბრალდებულები დავაკავეთ

კომენტარები