ირანი-უკრაინა

ირანი უკრაინას პილოტის ჩანაწერის გასაჯაროების გამო გამოძიების მასალებს აღარ გაუზიარებს

Reuters

ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელმა თქვა, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინულ მედიაში თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ არსებული მასალიდან აუდიო ჩანაწერები გავრცელდა, უკრაინას გამოძიების მასალებს აღარ გაუზიარებენ.

აუდიო მასალა უკრაინელ ექსპერტებს ერთობლივი საგამოძიებო გუნდის მიერ მოპოვებული მასალების ფარგლებში გადაეცა.

"ტექნიკური საგამოძიებო გუნდის მიერ იმ პილოტის კომუნიკაციის საიდუმლო აუდიო ჩანაწერების გასაჯაროვება, რომელიც უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავის თანადროულად დაფრინავდა, უცნაურია. უკრაინელების ქმედებამ მიგვიყვანა იქამდე, რომ მათ დამატებით მასალებს აღარ გავუზიარებთ." თქვა ჰასან რეზაიფარმა.

დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ირანულმა მხარემ თავიდანვე იცოდა 8 იანვარს თეირანში ჩამოგდებული თვითმფრინავის შესახებ. მისი თქმით, ამას თეირანის აეროპორტის მიმღებსა და ირანული ავიაკომპანიის პილოტის საუბრის ჩანაწერი მოწმობს. 

"ირანული ავიაკომპანიის პილოტმა დაინახა ბორტისადმი რაკეტის გაშვება და შეჯახება. ეს ადასტურებს, რომ ირანულმა მხარემ თავიდანვე იცოდა, რომ თვითმფრინავი რაკეტამ ჩამოაგდო, ეს მათთვის ცნობილი იყო აფეთქების წუთიდან,"- ამბობს ზელენსკი. 

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამ საუბრის ჩანაწერი მასთან სპეცსამსახურების დახმარებით მოხვდა. ზელენსკი ასევე აღნიშნავს, რომ ირანის თავდაპირველ ვერსიას, რომ კატასტროფა ტექნიკური შეცდომის გამო მოხდა, უკრაინა უარყოფდა. 

"ჩვენ ვიცოდით, რომ ეს შეუძლებელი იყო. მე ამაზე ვსაუბრობდი, შესაძლოა, არა ღიად. თუმცა, როდესაც ჩვენ მივედით ყველა დაღუპულის მშობლებთან და ახლობლებთან, მე მათ ვეუბნებოდი, რომ ეს ეკიპაჟის შეცდომა არ იყო. მაშინვე ვიცოდით, რომ თვითმფრინავი ახალი იყო, ერთერთი საუკეთესო ეკიპაჟით. ჩვენ გვესმოდა, რომ ირანელებს ამ მეთოდით სურდათ თავი დაეცვათ - გაევრცელებინათ ინფორმაცია, რომ ეს ტექნიკური შეცდომა იყო,"- თქვა ზელენსკიმ. 

8 იანვარს თეირანში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა. თავდაპირველად ირანი თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზად ტექნიკურ გაუმართაობას ასახელებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც რამდენიმე ქვეყნის ლიდერმა, მათ შორის კანადის, სპეცსამსახურებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავი ირანული რაკეტის შეჯახების შედეგად ჩამოვარდა, ირანის პრეზიდენტმა აღიარა, რომ თვითმფრინავს რაკეტა "ადამიანური შეცდომის გამო დაეჯახა". 

თვითმფრინავი ირანმა იმავე დღეს ჩამოაგდო, რა დღესაც ირანი ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზებს თავს დაესხა.

ჩამოგდების შედეგად, ბორტზე მყოფი ვერცერთი ადამიანი ვერ გადარჩა. დაიღუპა 176-ვე მგზავრი, მათ შორის 11 უკრაინელი და ყველაზე მეტი კანადელი და ირანელი. 

კომენტარები