მამუკა მდინარაძე

მდინარაძე: ამერიკელ ლობისტებთან კონტრაქტს ენმ-ის სახელით ბათუ ქუთელია აწერს ხელს

ტაბულა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ დღეს, 3 თებერვალს პრესკონფერენცია გამართა, სადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლობისტურ საქმიანობაზე ისაუბრა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

მდინარაძის განცხადებით, 2019 წლის ოქტომბერში ენმ-მ აშშ-ში ლობისტური კომპანა Orion Strategies დაიქირავა:

"ბოლო კონტრაქტი ნაციონალურ მოძრაობასა და Orion Stategies-ს შორის თარიღდება 2019 წლის ოქტომბრით და მოქმედების პერიოდია ერთი წელი.

კონტრაქტის მიხედვით, ლობისტური კომპანია ოპოზიციურ პარტიებს, ანუ ნაციონალურ მოძრაობას, ამ შემთხვევაში, უნდა დაეხმაროს ქართული დემოკრატიის გაძლიერებაში, ეს არის მითითებული კონტრაქტში. ამ ფორმალური მიზნის ქვეშ რა საქმიანობაც უნდა განახორციელოს ლობისტურმა კომპანიამ, ალბათ, ყველასათვის ნათელია."

მდინარაძის თქმით, ენმ-ს ლობისტურ საქმიანობაში სკანდალური არაფერი იქნებოდა, კონტრაქტს ხელს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში, ამჟამად ატლანტიკური საბჭოს დირექტორი საქართველოში, ბათუ ქუთელია რომ არ აწერდეს:

"ამაში, რა თქმა უნდა, გასაოცარი, უჩვეულო და სკანდალური, მითუმეტეს, არაფერია, რომ არა იმ პირის ვინაობა, რომელიც კონტრაქტში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლად არის მითითებული. 

როგორც ვიცით, ეს ადამიანი არ უნდა იყოს ფორმალურად ნაციონალური მოძრაობის წევრი და საჯარო სივრცეში მოქმედებს ე.წ სამოქალაქო, არასამთავრობო სექტორის და ე.წ ობიექტური ექსპერტის სტატუსით. საუბარია ბათუ ქუთელიაზე." - აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი.

კონტრაქტი, რომელზეც მდინარაძე საუბრობს, 2019 წლის 25 ოქტომბერს გაფორმდა ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და საკონსულტაციო კომპანია Orion Strategies-ს შორის. კონტრაქტში წერია, რომ პირი, ვისთანაც ურთიერთობა აქვს საკონსულტაციო ფირმას, ბათუ ქუთელიაა.

ხელშეკრულების მიზანი შემდეგია: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სტრატეგიული მიზნებისთვის რჩევისა და კონსულტაციის უზრუნველყოფა საქართველოს დემოკრატიისა და უსაფრთხოებისთვის მხარდაჭერის მოსაპოვებლად."

საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აშშ-ში ლობისტების მომსახურებაში 2.7 მილიონი დოლარი გადაიხადა. ირველი კონტრაქტი კომპანია Strate Various Inc-თან გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, კომპანია საქართველოს მთავრობას აშშ-ის პოლიტიკის ანალიზსა და გენერალური სტრატეგიის შემუშავებაში უნდა დახმარებოდა. ამავდროულად კომპანიას უნდა მოემზადებინა პრინციპული გზავნილები საქართველოს ოფიციალური პირებისთვის. 

2019 წლის 29 მარტს საქართველოს მთავრობამ, მაშინდელი ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას სახით, კომპანია Hill+Knowlton Strategies-თან გააფორმა ხელშეკრულება. დადებული კონტრაქტის ღირებულებამ 1,8 მილიონი დოლარი შეადგინა. 

Strate Various-თან ერთად საქართველოს მთავრობამ ხელშეკრულება განაახლა, კიდევ ერთ ლობისტურ კომპანია Chartwell Strategy Group LLC-ისთან. მომსახურების  ყოველთვიური საფასური 65 ათასი დოლარით განისაზღვრა, ხოლო ხელშეკრულება 12 თვეზე გაფორმდა. შესაბამისად კომპანიის მომსახურება საქართველოს მთავრობას წელს 780 ათასი დოლარი დაუჯდა. 

 

კომენტარები