ხანძარი

ბაღდათში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს - დაღუპული მოხუცი ქალია

საგანგებო სიტუაციების სამსახური

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, იმერეთში, ბაღდათში, სადაც ორ სართულიანი სახლი დაიწვა, კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. დაღუპული ხანში შესული ქალია.

უწყებაში ამბობენ, რომ წერეთლის ქუჩაზე ხანძარი გავრცელებული იყო, დაახლოებით, 200 კვ/მ ფართობზე.

"ხანძრის ლოკალიზაციის შემდეგ, ღია ცეცხლში შესულმა მეხანძრე-მაშველებმა 5 ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათ შორის იყო 1 ქალი და 4 არასრულწლოვანი. მოგვიანებით, ადგილზე ნაპოვნი იქნა კიდევ ერთი - ხანშიშესული ქალის ცხედარი", - აღნიშნავენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

უწყების ინფორმაციითვე, ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.

ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ასევე, მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს ოჯახს.

კომენტარები