კორონავირუსის გამო ნავთობზე ფასი ბოლო ერთი წლის მინიმუმამდე შემცირდა

Reuters

ჩინეთში გავრცელებული ახალი კორონავირუსის ფონზე, Brent-ის მარკის ნავთობზე აპრილის ფიუჩერსების ფასი ბოლო 13 თვის მინიმუმამდე შემცირდა. ლონდონის საფონდო ბირჟა ICE-ზე სავაჭრო დღის განმავლობაში ბარელის ფასი 55 დოლარს ჩამოცდა, რაც 2019 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 

იგივე ტენდენცია განმეორდა WTI-ის მარკის ნავთობის შემთხვევაშიც. ბარელის ფასი 50 დოლარს ჩამოცდა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის ფონზე ჩინეთში ნავთობზე მოთხოვნა 20%-ით შემცირდა. Bloomberg-ის ინფორმაციით, 20 იანვრის შემდეგ ნავთობზე ფასები საშუალოდ 13%-ით არის შემცირებული. 

Citigroup-ის პროგნოზით ბარელი ნავთობის ფასი შესაძლოა 47 დოლარამდე შემცირდეს. უარყოფითი ტენდენციების პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ნავთობის მომპოვებელ სახელმწიფოთა კლუბი ნავთობის მოპოვების შემცირებას გეგმავს. WSJ-ის ინფორმაციით, კლუბის სხდომა მარტის ნაცვლად თებერვალში გაიმართება. 

როგორც ცნობილია, საუდის არაბეთი შეეცდება, კლუბის წევრი სხვა სახელმწიფოები მოპოვების შემცირებაზე დაითანხმოს. დიდი ალბათობით სხდომა უკვე მომავალ კვირაში, 14 თებერვალს გაიმართება.

ამ დროის მონაცემებით კორონავირუსის შემთხვევები მსოფლიოს 20 მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა. სულ დაავადებულთა რიცხვი 25 ათასს აჭარბებს, გარდაცვლილია 425 ადამიანი. დაავადებულთა და გარდაცვლილთა აბსოლუტური უმრავლესობა ჩინეთის მოქალაქეა. ჩინეთის გარეთ სიკვდილის ერთადერთი შემთხვევა ფილიპინებში დაფიქსირდა - გარდაცვლილი ამ შემთხვევაშიც უხანიდან იყო.

კომენტარები