აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2020

აიოვაში დემოკრატიული პარტიის პირველი პრაიმერის შედეგების გამოცხადება შეფერხდა

Reuters

აშშ-ის აიოვას შტატში დემოკრატიული პარტიის პირველი პრაიმერი ჩატარდა იმის გასარკვევად, თუ ვინ იქნება ტრამპის ოპონენტი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. პრაიმერის შედეგების გამოცხადება ტექნიკური პრობლემების და შეუსაბამობების აღმოჩენის გამო შეფერხდა.

დემოკრატიულ პარტიაში ირწმუნებიან, რომ შეფერხება კიბერ-თავდასხმის ბრალი არ არის და აპლიკაციამ, რომელიც საარჩევნო უბნებიდან შედეგების მისაწოდებლად შეიქმნა, გამართულად ვერ იმუშავა. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის არჩევნების დროს პარტიის სერვერი რუსმა ჰაკერებმა გატეხეს.

ბოლო გამოკითხვებით დემოკრატიული პარტიის 11 კანდიდატიდან ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ვერმონტის სენატორი ბერნი სანდერსი და მასაჩუსეტსის სენატორი ელიზაბეტ უორენი ლიდერობენ. ჯო ბაიდენის კამპანიის ადვოკატებმა შედეგების შეფერხებაზე შეშფოთება გამოთქვეს.

აიოვაში პრაიმერი ჩაატარა რესპუბლიკურმა პარტიამაც, რომელშიც ხმათა 97%-ით დამაჯერებელი გამარჯვება პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოიპოვა. ტრამპის კამპანიის მენეჯერი დემოკრატიულ პარტიაში შექმნილ პრობლემას გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს პროცესის სანდოობას და სამართლიანობას ეჭვქვეშ აყენებს.

ჯერ-ჯერობით უცნობია როდის გამოქვეყნდება დემოკრატიული პარტიის პირველი პრაიმერის საბოლოო შედეგები.

კომენტარები