ხანძარი ბაღდათში

მდინარაძე: ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო დღეს პოლიტიკურ განცხადებებზე უარს ვამბობთ

პარლამენტში საგაზაფხულო სესია გაიხსნა. პლენარულ სხდომაზე წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი ბაღდათში ხანძრის შედეგად დაღუპული ექვსი ადამიანის ხსოვნას, რის შემდეგაც, ქართული ოცნების ერთერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ამ ტრაგიკული ფაქტის გამო, უმრავლესობის წევრები დღევანდელ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებებს არ გააკეთებენ.

"უმრავლესობაში კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ პოლიტიკური განცხადებები არ იქნებოდა რელევანტური მომხდარი ფაქტიდან გამომდინარე, ამიტომ, უმრავლესობა დღეს, ამ ფაქტის გამო, უარს ამბობს პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაზე" - თქვა მდინარაძემ, რის შემდეგაც, დღის წესრიგიდან უმრავლესობის დეპუტატების ყველა განცხადება მოხსნეს. მათ დამოუკიდებელი დეპუტატებიც შეუერთდნენ.

ბაღდათში ხანძრის შედეგად ექვსი ადამიანი - დედა, ოთხი ბავშვი და მოხუცი ქალი გარდაიცვალა. ამის გამო, ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ პარლამენტთან დაგეგმილი აქცია-პიკეტი გააუქმა. ოპოზიციამ პარლამენტსაც მოუწოდა, დღევანდელი სხდომა გადაედო, თუმცა, უმრავლესობამ მიიჩნია, რომ "რეგლამენტის დარღვევა ამ შემთხვევაში არ იქნებოდა სწორი". 

"მხოლოდდამხოლოდ ამ მოტივით არ ვიფიქრეთ სერიოზულად ამ თემაზე" - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები