ქართული ოცნება

ვოლსკი სხდომის გადადების შეთავაზებაზე: ეს არის სპეკულაციის პიკი, მორალთან კავშირი არ აქვს

ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი პასუხობს ოპოზიციის მოწოდებას, რომ ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო ქართულმა ოცნებამ დღევანდელი საპარლამენტო სესია გადადოს და ამბობს, რომ ამ მოწოდებას "მორალთან კავშირი არ აქვს". 

ვოლსკის თქმით, "ტრაგედიით სპეკულირება საჭირო არაა" და ამ მოწოდებას იმ ადამიანების შეურაცხყოფად თვლის, ვინც ტრაგედიის დროს გარდაიცვალა. 

"ამის დაკავშირება სესიასთან არის რაღაც სპეკულაციის პიკი, რომელსაც რასაკვირველია მორალთან არაფერი კავშირი არ აქვს და არც იყო მოლოდინი, რასაკვირველია. რამე მორალურობაზე აქ ლაპარაკი ზედმეტია,"- ამბობს გია ვოლსკი. 

ოპოზიცია 4 თებერვალს საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე პარლამენტთან აქცია-პიკეტის და სირცხვილის დერეფნის მოწყობას აპირებდა, თუმცა 3 თებერვალს ბაღდათში გვიან მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც მცირეწლოვნების სიცოცხლეც ემსხვერპლა, ოპოზიციამ აქციის ჩატარებაზე უარი თქვა და ხვალისთვის გადადო. 

ევროპული საქართველოს გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ, ასევე მოუწოდა მმართველ გუნდს, გადაედოთ სხდომა. 

"მინდა ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე, გულწრფელად მოვუწოდო პარლამენტს, დღეს გადადოს პარლამენტის სხდომა, ნიშნად იმისა, რომ ტრაგედიის წინაშე ყველა ვართ სოლიდარული, თანაზიარი და ერთად," - თქვა უგულავამ. 

კომენტარები