ქართული ოცნება

არველაძე: ქვეყანაში ბავშვები არ შიმშილობენ, თუ ვინმე შიმშილობს, ე.ი. ოპოზიციამ აშიმშილა

რევაზ არველაძე
საქართველოს პარლამენტი

"[ჩვენს ქვეყანაში] ბავშვები არ შიმშილობენ საერთოდ" - ასე უპასუხა ქართული ოცნების დეპუტატმა რევაზ არველაძემ მთავარი არხის კითხვას, რომელიც UNICEF-ის 2017 წლის მონაცემებს შეეხებოდა. 

არველაძე ამბობს, რომ ის "ვერ იჯერებს", რომ ყველა მე-5 ბავშვი შიმშილობს. 

"თუ ვინმე შიმშილობს, ე.ი. ოპოზიციამ აშიმშილა ძველიდან მოყოლებული,"- თქვა რევაზ არველაძემ. 

გაეროს ბავშვთა ფონდის 2017 წლის მონაცემებით, ქვეყანაში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ბავშვების 6.8% ცხოვრობს (უკიდურესი სიღარიბის ზღვრად მიჩნეულია $1.25 დღეში). 

UNICEF-ის კვლევით, 2015 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ბავშვების მონაცემები 4.3%-ით გაიზარდა. 

ამასთან, კვლევის მიხედვით, 2015 წლიდან 2017 წლამდე საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ბავშვების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა (საარსებო მინიმუმად დადგენილია თვეში 148.3 ლარი).

კვლევის მონაცემებით, საქართველოში ყოველი მე-5 ბავშვი ისეთ შინამეურნეობაში ცხოვრობს, რომლის წევრთა მინიმალური მოთხოვნილებები დაკმაყოფილებული არ არის.

ამავე კვლევის მიხედვით, ბავშვების 22.1% საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. 2015-დან 2017 წლამდე საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ბავშვების რაოდენობა 6.5%-ით გაიზარდა.

კომენტარები