შოთაძე: შეინიშნება პირადი ცხოვრების ინფორმაციის უკანონო მოპოვების სიმრავლე

საპროკურორო საბჭო

ყოფილი მთავარი პროკურორი და კვლავ პროკურორობის კანდიდატი, ირაკლი შოთაძე ამბობს, რომ "შეინიშნება პირადი ცხოვრების ინფორმაციის უკანონო მოპოვების შემთხვევების სიმრავლე".

საპროკურორო საბჭოში გასაუბრებისას შოთაძემ თქვა, რომ სოციალურმა ქსელებმა დანაშაულის ჩადენა გაამარტივა.

"თანამედროვე საზოგადოებაში სოციალურმა ქსელმა გაამარტივა დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობა. შეინიშნება პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციების უკანონო მოპოვების შემთხვევების სიმრავლე. აღნიშნული განსაკუთრებით საფრთხის შემცველად გადაიქცა მოზარდებისთვის, რომელთა მიმართაც გახშირდა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო მოპოვების შემთხვევები და ამასთან, აღნიშნული დანაშაული ხშირად წარმოადგენს სხვა კიდევ უფრო მძიმე დანაშაულის წინაპირობას, როგორიც არის სქესობრივი კავშირის იძულება, გამოძალვა, რაც რიგ შემთხვევაში არასრულწლოვნის თვითმკვლელობის მიზეზი ხდება. მიმაჩნია, რომ თითოეული საკითხი სიღრმისეულ ანალიზს საჭიროებს, რათა ეფექტიანი აღმოჩნდეს არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა“, - თქვა შოთაძემ.

შოთაძემ ასევე ისაუბრა ნაადრევი ქორწინებისა და ქორწინების იძულების შემთხვევებზე, რაც მისი თქმით, კვლავ გამოწვევად რჩება.

„როგორც საზოგადოებისთვის, ასევე სამართალდამცავები ორგანოებისთვის კვლავ პრობლემად რჩება ნაადრევი ქორწინებისა და ქორწინების იძულების პრაქტიკის არსებობა. ეს დანაშაული გამოწვევაა ჩვენი საზოგადოებისათვის და სახელმწიფოსთვის, ვფიქრობ, უნდა შეფასდეს ბოლო წლების ტენდენცია და ფართო დისკუსია უნდა გაიმართოს ამ დანაშაულებებზე სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრების კუთხით. ითვლება, რომ დაბალი საზოგადოებრივი ცნობიერების პირობებში სახელმწიფოს მთავარი ამოცანა უნდა იყოს დანაშაულის და მისი დასჯადობის შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება".

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რამდენიმე პოლიტიკოსი ქალის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო გავრცელდა. არც ერთ საქმეზე დამნაშავე გამოვლენილი არ არის. 

იყო არასრულწლოვანი გოგოების თვითმკვლელობის შემთხვევებიც, მიზეზი - პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟი.

______________

ირაკლი შოთაძის გასაუბრება საპროკურორო საბჭოში დილის 11 საათიდან მიმდინარეობს. ის თავარი პროკურორის პოსტზე დაბრუნებას გეგმავს. პარალელურად, შენობის გარეთ მიმდინარეობს საპროტესტო აქციაც.

ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტიდან 2018 წლის მაისში, ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის გამო დაწყებული აქციების შემდეგ გადადგა, მას შემდეგ, რაც სასამართლომ დაადგინა, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დავით სარალიძის მკვლელი არ გამოიკვეთა. მოგვიანებით ხორავას ქუჩის საქმის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამაც პროკურატურის მიერ დარღვევების მთელი რიგი გამოავლინა.

შოთაძე თანამდებობიდან 2015 წლის 27 ნოემბრიდან იკავებდა.

მისი მთავარი პროკურორობის პერიოდს უკავშირდება ციანიდის საქმე, ასევე აფგან მუხთარლის გატაცება - აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომელიც 2 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა და მუშაობდა, 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს, რის შემდეგაც აზერბაიჯანში დააკავეს. ბაქოს სასამართლომ მას პატიმრობა მიუსაჯა.

მოგვიანებით მუხთარლიმ თქვა, რომ ის თბილისიდან კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს. აფგან მუხთარლის ცოლი, ლეილა მუსტაფაევა ადვოკატებთან ერთად მუხთარლის თბილისიდან გატაცების საქმის გამოძიებას მთავარ პროკურატურას უშედეგოდ სთხოვდა.

გენერალური პროკურორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც შალვა თადუმაძე უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლედ გამწესდა.

კომენტარები