EPP

EPP ოცნებას: შეასრულეთ მოქალაქეების მოთხოვნები, შეწყვიტეთ ოპოზიციური ლიდერების დევნა

ევროპარლამენტში ყველაზე დიდი პარტიის, ევროპის სახალხო პარტიის, პოლიტიკური ასამბლეის სხდომაზე საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის საკითხიც განიხილეს. 

3-4 თებერვალს ბრიუსელში გამართული შეხვედრის შესახებ პარტიამ განცხადება გაავრცელა, სადაც საქართველოს ხელისუფლებას დაჟინებით მოუწდებს, შეასრულოს საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნები და შეწყვიტოს ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ დაწყებული დევნა. 

"ევროპის სახალხო პარტია რჩება საქართველოში დემოკრატიის მტკიცე მხარდამჭერად, მაგრამ ამასთან პარტია ძლიერ იმედგაცრუებულია მმართველი პარტიის პოლიტიკური ნების ნაკლებობით, გამოასწოროს არსებული პოლიტიკური კრიზისი. ევროპის სახალხო პარტია დაჟინებით მოუწოდებს ხელისუფლებას, შეასრულოს საქართველოს მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციისა და საქართველოს მეგობრების მოთხოვნები. 

ევროპის სახალხო პარტია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემის შესახებ მოლაპარაკებების პროცესს მხარს უჭერს, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების ხელშეწყობით შედგა და მოუწოდებს საქართველოს მმართველ უმრავლესობას, მიიღოს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელსაც ყველა მხარის მხარდაჭერა და ნდობა ექნება და უზრუნველყოფს 2020 წლის არჩევნებზე მაქსიმალურად პროპორციულ საპარლამენტო წარმომადგენლობას. 

ევროპის სახალხო პარტია საქართველოს ხელისუფლებას მოუწდებს, თავი შეიკავონ სასამართლო სისტემის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენების მცდელობისგან და შეწყვიტონ ოპოზიციური ლიდერების დევნა. საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი და საქართველოსა და ევროკავშირის ინტერესებშია, რომ ქვეყნის დემოკრატიულმა მიღწევებმა უკან არ დაიხიოს,"- წერია განცხადებაში. 

კომენტარები