აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2020

აიოვაში დემოკრატიული პარტიის პრაიმერის შედეგების 62% დათვლილია, ლიდერობენ ბუტიჯეჯი, სანდერსი

პიტ ბუტიჯეჯი და ბერნი სანდერსი

აშშ-ის დემოკრატიულმა პარტიამ აიოვაში ჩატარებული პირველი პრაიმერის შედეგები ნაწილი გამოაქვეყნა. შედეგები გუშინ უნდა ყოფილიყო ცნობილი, თუმცა ტექნიკური ხარვეზის გამო ხმების დათვლა შეფერხდა. ამჟამად დათვლილია ხმების 62%.

ლიდერობენ ინდიანას შტატის ქალაქ საუს ბენდის ყოფილი მერი პიტ ბუტიჯეჯი ხმათა 26.9%-ით. მას მოსდევს ვერმონტის სენატორი ბერნი სანდერსი 25.1%-ით. მესამე ადგილზეა მასაჩუსეტსის სენატორი ელიზაბეტ უორენი 18.3%-ით, ხოლო ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 15.6%-ით ამჟამად მეოთხე ადგილს იკავებს. მეხუთე ადგილზე გავიდა მინესოტას სენატორი ემი კლობიშარი 12.6%-ით, მეექვსე ადგილზე გასულ ენდრიუ იენგს კი მხოლოდ 1.1% აქვს. 1%-ზე ნაკლები მაჩვენებელი აქვთ დემოკრატიული პარტიის დარჩენილ 4 კანდიდატს. აიოვას პრაიმერისში არ მონაწილეობდა პარტიის კიდევ ერთი კანდიდატი, ნიუ იორკის ყოფილი მერი მილიარდერი მაიკლ ბლუმბერგი.

დემოკრატიულ პარტიაში ირწმუნებიან, რომ შეფერხება კიბერ-თავდასხმის ბრალი არ არის და აპლიკაციამ, რომელიც საარჩევნო უბნებიდან შედეგების მისაწოდებლად შეიქმნა, გამართულად ვერ იმუშავა. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის არჩევნების დროს პარტიის სერვერი რუსმა ჰაკერებმა გატეხეს.

კანდიდატების ნაწილმა უკვე გადაინაცვლა ნიუ ჰემფშირში, სადაც პრაიმერი მომდევნო კვირას გაიმართება.

აიოვაში პრაიმერი ჩაატარა რესპუბლიკურმა პარტიამაც, რომელშიც ხმათა 97%-ით დამაჯერებელი გამარჯვება პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოიპოვა. ტრამპის კამპანიის მენეჯერი დემოკრატიულ პარტიაში შექმნილ პრობლემას გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს პროცესის სანდოობას და სამართლიანობას ეჭვქვეშ აყენებს.

ტრამპმა კი საკუთარ ტვიტერზე დაწერა: "დემოკრატების პრაიმერი კატასტროფაა. არაფერი მუშაობს, ზუსტად ისე, როგორც მაშინ, როდესაც ქვეყანას მართავდნენ."

კომენტარები