ზალკალიანის შეხვედრა სენატორებთან

სენატორი ზალკალიანთან შეხვედრის მერე: მოგვცეს გარანტიები, რომ ვითარება შეიცვლება

0 კომენტარი
ჯიმ რიში ფოტო: Bloomberg

გასულ კვირას პრემიერ გახარიასთვის გამოგზავნილი კრიტიკული წერილის ავტორები - სენატის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში და ევროპის ქვეკომიტეტის უმცირესობის ლიდერი ჯინ შაჰინი აშშ-ში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს შეხვდნენ.

ჯიმ რიშმა "ამერიკის ხმასთან" თქვა, რომ მათ დავით ზალკალიანთან შეხვედრაზე გარანტიები მიიღეს, რომ საქართველოში ვითარება შეიცვლება.

"ქართველები ჩვენი მეგობრები არიან. ეს შესანიშნავი ქვეყანაა, რომელიც გვინდა რომ წარმატებული იყოს. მე საქართველოში 2012 წელს ვიყავი არჩევნებზე, როგორც ამერიკის მხარის ოფიციალური დამკვირვებელი. ჩვენთვის შთამბეჭდავი იყო, თუ როგორ წარიმართა არჩევნები. ჩვენ გვჯეროდა, რომ მაშინ ხელისუფლება დემოკრატიული მმართველობისთვის საჭირო რეფორმებს გაატარებდა, რომლებიც ხალხს მოეწონებოდა.

თუმცა, ვიხილეთ შემაშფოთებელი ნიშნები. ჩვენ კარგი შეხვედრა გვქონდა, რომელზეც ამ საკითხებზე ვისაუბრეთ და მოგვცეს გარანტიები, რომ ვითარება შეიცვლება. ჩვენ მდგომარეობას დავაკვირდებით. ეს ქართველების ქვეყანაა, და მე დარწმუნებული ვარ, ქართველებს სურთ თავისუფალი და ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა. ამ საქმეში ჩვენ გვინდა მათ გვერდით ვიდგეთ", - თქვა ამერიკის ხმასთან ჯიმ რიშმა.

სენატორისვე თქმით, ზალკალიანთან გამართულ შეხვედრაზე 2020 წელს გასამართ არჩევნებზეც ისაუბრეს. მან ამერიკის ხმასთან საუბრისას გაიხსენა 2012 წლის არჩევნები და თქვა, რომ მაშინ ყველა სააკაშვილის გამარჯვებაში იყო დარწმუნებული, თუმცა ასე არ მოხდა და, რომ "ქართველი ხალხი თავად იღებს გადაწვეტილებას და ეჭვიც არ მეპარება, რომ ყველაფერს უფრო ახლოდან აკვირდებიან, ვიდრე ჩვენ".

ჯიმ რიშმა და ჯინ შაჰინმა პრემიერ გახარიას ერთობლივი წერილი 30 იანვარს გამოუგზავნეს, სადაც წერდნენ, რომ საარჩევნო რეფორმის ჩაგდება და მთავრობის მიერ მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ჩახშობა დემოკრატიისა და მმართველობის დასუსტებაზე მოუთითებდა.

დავით ზალკალიანი აშშ-ში სამუშაო შეხვედრით იმყოფება, სადაც ის შეხვედრებს მართავს კონგრესის, სახელმწიფო დეპარტამენტისა და ადმინისტრაციის წევრებთან. მისი ვიზიტი 6 თებერვალს დასრულდება, მანამდე კი მას პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე შეუერთდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები