ზალკალიანის შეხვედრა სენატორებთან

ზალკალიანი სენატორებთან შეხვედრის შემდეგ: დეტალურად ვისაუბრეთ წერილში ასახულ საკითხებზე

0 კომენტარი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, გასულ კვირას პრემიერმინისტრ გახარიასთვის გამოგზავნილი კრიტიკული წერილის ავტორებს, სენატორ რიშსა და სენატორ შაჰინს შეხვდა. ზალკალიანის თქმით, "მეგობრების შეხვედრაზე" წერილში ასახულ ძირითად საკითხებზე დეტალურად ისაუბრეს.

"დეტალურად ვისაუბრეთ ყველა იმ ძირითად საკითხზე, რომელიც არის ასახული მათ წერილში. ეს იყო მეგობრების, სტრატეგიული პარტნიორების შეხვედრა. ამ კონტექსტში იყო ჩემი მხრიდან ძალიან დასაბუთებული, არგუმენტირებული პოზიცია ყველა იმ პროცესთან მიმართებაში, რა პროცესებზეც არის საუბარი წერილში",-თქვა ზალკალიანმა. 

დავით ზალკალიანის თქმით, პარტნიორების ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებული იქნება. 

ჯიმ რიშმა "ამერიკის ხმასთან" თქვა, რომ მათ დავით ზალკალიანთან შეხვედრაზე გარანტიები მიიღეს, რომ საქართველოში ვითარება შეიცვლება. 

სენატორისვე თქმით, ზალკალიანთან გამართულ შეხვედრაზე 2020 წელს გასამართ არჩევნებზეც ისაუბრეს. მან ამერიკის ხმასთან საუბრისას გაიხსენა 2012 წლის არჩევნები და თქვა, რომ მაშინ ყველა სააკაშვილის გამარჯვებაში იყო დარწმუნებული, თუმცა ასე არ მოხდა და, რომ "ქართველი ხალხი თავად იღებს გადაწვეტილებას და ეჭვიც არ მეპარება, რომ ყველაფერს უფრო ახლოდან აკვირდებიან, ვიდრე ჩვენ". 

ჯიმ რიშმა და ჯინ შაჰინმა პრემიერ გახარიას ერთობლივი წერილი 30 იანვარს გამოუგზავნეს, სადაც წერდნენ, რომ საარჩევნო რეფორმის ჩაგდება და მთავრობის მიერ მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ჩახშობა დემოკრატიისა და მმართველობის დასუსტებაზე მოუთითებდა.

დავით ზალკალიანი აშშ-ში სამუშაო შეხვედრით იმყოფება, სადაც ის შეხვედრებს მართავს კონგრესის, სახელმწიფო დეპარტამენტისა და ადმინისტრაციის წევრებთან. მისი ვიზიტი 6 თებერვალს დასრულდება, მანამდე კი მას პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე შეუერთდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები