დონალდ ტრამპის გამოსვლა კონგრესში

ტრამპის გამოსვლა კონგრესში: ამერიკის მტრები გარბიან, სიმდიდრე იზრდება, მომავალი კი კაშკაშაა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესის წინაშე რიგით მესამე ყოველწლიური მიმართვით წარსდგა. მან აშშ-ში არსებულ ეკონომიკურ ზრდაზე, განათლების სისტემის გაუმჯობესებაზე და სამხედრო წარმატებებზე ისაუბრა.

"3 წლის წინ ჩვენ დავიწყეთ დიდებული ამერიკის დაბრუნება. დღეს თქვენს წინაშე ვდგავარ რათა გაგიზიაროთ დაუჯერებელი შედეგები. სამუშაო ადგილები იზრდება, იზრდება შემოსავალი, მცირდება სიღარიბე და დანაშაულის დონე, იზრდება თავდაჯერებულობა და ჩვენი ქვეყანა კვლავ წარმატებული და დაფასებულია! ამერიკის მტრები გარბიან, ამერიკის სიმდიდრე იზრდება, მომავალი კი კაშკაშაა." თქვა მან.

ტრამპმა ჩინეთთან სავაჭრო ომზე და გასულ კვირას მიღწეულ შეთანხმებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ჩინეთი ამერიკელების სამუშაო ადგილებს იპარავდა, თუმცა ახალი შეთანხმება მათ დაიცავს, ისევე როგორც ამერიკის ინტელექტუალურ საკუთრებას და ქვეყანას მილიარდობით დოლარს მოუტანს. ტრამპმა თქვა, რომ აშშ-ს ახლა საუკეთესო ურთიერთობები აქვს ჩინეთთან, მათ შორის პრეზიდენტ სი ძინპინთან, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის ქმედებებს პატივს სცემს.

ტრამპმა ასევე ისაუბრა კუბელი, ნიკარაგუელი და ვენესუელელი ხალხის მხარდაჭერაზე დემოკრატიის აღდგენის გზაზე. მან ნიკოლას მადუროს სისხლიანი ტირანი უწოდა. ტრამპის გამოსვლას ესწრებოდა აშშ-ის და კიდევ 50-ზე მეტი ქვეყნის მიერ ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად აღიარებული ხუან გუაიდო. ტრამპმა მას მიმართა და სთხოვა თანამოქალაქეებისათვის ეს გზავნილი გადაეცა:

"ამერიკელები ერთსულოვნად დგანან ვენესუელელი ხალხის გვერდით თავისუფლებისათვის ბრძოლაში! სოციალიზმი ქვეყნებს ანადგურებს, მაგრამ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თავისუფლება სულს აერთიანებს."

ტრამპმა აღნიშნა გასულ კვირას მის მიერ გამოცხადებული სამშვიდობო გეგმა ახლო აღმოსავლეთისათვის და ისაუბრა ისლამურ ტერორიზმთან ბრძოლაზეც. მის გამოსვლას ესწრებოდნენ კაილა მიულერის მშობლები. კაილა მიულერი ორგანიზაცია „ექიმების საზღვრების გარეშე“ თანამშრომელი იყო. ის ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ დაატყვევა და მოკლა. ტრამპმა მათ უთხრა, რომ ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის ოპერაციას სახელი სწორედ კაილას საპატივცემულოდ დაერქვა.

კონგრესში იმყოფებოდნენ სერჟანტ კრისტოფერ ჰეიკის ცოლი და შვილიც. ის ბაღდადში პატრულირებისას გზისპირას დამონტაჟებულ ბომბზე აფეთქდა.

"ამაზე პასუხისმგებელი ტერორისტი ყასემ სოლეიმანი იყო, რომელმაც უზრუნველყო იმ ბომბის მიწოდება, რამაც კრისის სიცოცხლე შეიწირა. სოლეიმანი ირანული რეჟიმის ყველაზე დაუნდობელი ყასაბი იყო, მონსტრი, რომელმაც მოკლა და დაჭრა ათასობით ამერიკელი ჯარისკაცი ერაყში. როგორც მსოფლიოს მთავარმა ტერორისტმა მან უთვალავი კაცის, ქალის და ბავშვის მკვლელობას უხელმძღვანელა. ის იდგა დეკემბერში ბაღდადში აშშ-ის საელჩოზე თავდასხმის უკან და აქტიურად გეგმავდა ახალ თავდასხმას. სწორედ ამიტომ, გასულ თვეს, ჩემი ბრძანებით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა განახორციელეს უშეცდომო დარტყმა, რომელმაც მოკლა სოლეიმანი და დაასრულა მისი ბოროტება და ტერორი სამუდამოდ. ტერორისტებისათვის ჩვენი გზავნილი ნათელია: თქვენ ვერასოდეს გაექცებით ამერიკის სამართალს." თქვა მან.

ტრამპმა თქვა, რომ ირანისათვის დაწესებულმა სანქციებმა მათი ეკონომიკა დააზარალა. მისივე თქმით აშშ-ის შეუძლია მათ ეკონომიკის მოკლე ვადაში აღდგენაში დაეხმაროს, მაგრამ ირანის ხელისუფლება ზედმეტად ამაყი ან სულელია დახმარების სათხოვნელად. მან ასევე ისაუბრა ახლო აღმოსავლეთში ამერიკის ომების დასრულებაზე, კონკრეტულად კი ავღანეთში მიმდინარე მოლაპარაკებებზე.

ტრამპის მიმართვის პარალელურად სენატში სრულდება მისი იმპიჩმენტის პროცესი. სენატორების უმეტესობამ თქვა, რომ ტრამპისათვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დაუჭერენ. კონგრესში მისვლისას ტრამპმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ნენსი პელოსის ხელი არ ჩამოართვა. თავის მხრივ პელოსიმ ტრამპის გამოსვლის ტექსტი დახია და მოგვიანებით ამის მიზეზი ასე განმარტა: "ერთი გვერდიც კი ვერ ვიპოვე, რომელზეც სიმართლე ეწერა".

კომენტარები