ოპოზიციის პროტესტი

"სირცხვილი", "გადამგდები", - დემონსტრანტებმა პარლამენტის წინ ღობეზე პლაკატები გააკრეს

ტაბულა

ოპოზიციის წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა მწვანე ღობეს, რომელიც პარლამენტს მერიის გადაწყვეტილებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიზეზით შემოავლეს, პლაკატები გააკრეს წარწერით "სირცხვილი", "თავისუფლება პოლიტპატიმრებს", "გადამგდები".

ასევე, ღობეზე გააკრეს 20 ივნისს აქციის დაშლის ამსახველი ფოტოებიც.

პარლამენტის შენობის წინა მხარეს დემონსტრანტებმა 9 აპრილის ქუჩიდან გადმოინაცვლეს, სადაც დილიდან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების მოთხოვნით.

"ამ აქციებს აქვთ სიმბოლური დატვირთვა. ყველა ადამიანმა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მსახურია, სირცხვილის დერეფანში უნდა გაიაროს. მათ რომ რამე მორალური უპირატესობა ჰქონდეთ, საქართველოს მოქალაქეებს არ შეუშინდებოდნენ, მაგრამ გაკოტრებული პოლიტიკური ძალაა, არანაირი მორალური უპირატესობა არ აქვთ, მეტიც, ეს არის ძალა, რომელსაც არც ქვეყნის შიგნით, არც გარეთ არავითარი პოზიტივი აღარ დარჩათ"., - თქვა ენმ-ის წევრმა, ხატია დეკანოიძემ.

"აქ არის სირცხვილის დერეფანი და მიმაჩნია, რომ ქართული ოცნების დეპუტატები პარლამენტში შესვლის დროს აუცილებლად სირცხვილის დერეფანში უნდა გადიოდნენ", - თქვა ალეკო ელისაშვილმა.

დღეს პარლამენტში 13:00 საათიდან პლენარული სხდომაა დანიშნული. ოპოზიციამ საპროტესტო აქცია და სირცხვილის დერეფნები 11:00 საათიდან დააანონსა. მოულოდნელად უმრავლესობის სხდომა დილის 10 საათზე ჩაინიშნა. დეპუტატები პარლამენტში აქციის დაწყებამდე შევიდნენ.

ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები ითხოვენ, ბიძინა ივანიშვილმა 24 ივნისს გაცემული დაპირება შეასრულოს და 2020-ის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩაატაროს.

კომენტარები