ირაკლი კობახიძე

კობახიძე სენატორების წერილებზე: დეზინფორმაციაზე აუცილებლად გაიმარჯვებს ინფორმაცია

ტაბულა

ირაკლი კობახიძის აზრით, ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები საქართველოს ხელისუფლებას კრიტიკულ წერილებს მათთვის მიწოდებული დეზინფორმაციის გამო უგზავნიან.

ქართული ოცნების წევრმა თქვა, რომ მმართველ გუნდს კომუნიკაციის ვაკუუმი ჰქონდა, თუმცა, ეს პრობლემა აღმოიფხვრება.

"რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია კომუნიკაცია ჩვენს მეგობრებთან, პარტნიორებთან, განსაკუთრებით ამერიკელ მეგობრებთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ინფორმაციის მიწოდება, იცით, რომ იყო მთელი რიგი შემთხვევები, როცა დეზინფორმაცია მიეწოდებოდა ჩვენს პარტნიორებს. ამან გარკვეული ასახვა ჰპოვა განცხადებებზე. ჩვენ გვქონდა გარკვეული ვაკუუმი დასავლელ პარტნიორებთან კომუნიკაციაში. თუმცა, ახლა ამის პრობლემა არ არის. გაგრძელდება კომუნიკაცია, შეხვედრები და ამ შეხვედრების საფუძველზე, დეზინფორმაციაზე აუცილებლად გაიმარჯვებს ინფორმაცია და ტყუილზე აუცილებლად გაიმარჯვებს სიმართლე. სიმართლე არის ჩვენ მხარეს. არაერთი ფაქტობრივი უზუსტობა არის გაპარული ამ წერილებსა და განცხადებებში, რაც არის დეზინფორმაციის შედეგი", - თქვა კობახიძემ.

წერილებში, რომლებიც გახარიას მთავრობამ მიიღო, ხელისუფლება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების დაპირების შეუსრულებლობის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის და ოპოზიციის დევნის გამოა გაკრიტიკებული.

აშშ-ში ქართული დელეგაციის ვიზიტი და სენატორებთან და კონგრესმენებთან შეხვედრები დღეს, 5 თებერვალს დაიწყო.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი უკვე შეხვდა გასულ კვირას პრემიერ გახარიასთვის გამოგზავნილი კრიტიკული წერილის ავტორებს, სენატის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯიმ რიშს და ევროპის ქვეკომიტეტის უმცირესობის ლიდერს, ჯინ შაჰინს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯიმ რიშმა ამერიკის ხმასთან თქვა, რომ საქართველოში "შემაშფოთებელი ნიშნები იხილა" და რომ "მიიღო გარანტიები, რომ ვითარება შეიცვლება". რიშის განცხადებით, სენატორები მოვლენების განვითარებას დააკვირდებიან.

სენატორმა ჯინ შაჰინმა კი ხელისუფლებას მოუწოდა, შეასრულოს საკუთარი პირობები დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად.

ჯიმ რიშმა და ჯინ შაჰინმა პრემიერ გახარიას ერთობლივი წერილი 30 იანვარს გამოუგზავნეს, სადაც წერდნენ, რომ საარჩევნო რეფორმის ჩაგდება და მთავრობის მიერ მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ჩახშობა დემოკრატიისა და მმართველობის დასუსტებაზე მოუთითებდა.

კომენტარები