ქართული ოცნების ვიზიტი აშშ-ში

ვოლსკი სენატორზე: ამ კრიტიკასთან დაკავშირებით ბევრ თემაზე რეალობას აცდენილია შინაარსი

ტაბულა

"ისევ კრიტიკა ისმის [აშშ-ისგან] და ამ კრიტიკასთან დაკავშირებით ბევრ თემაზე რეალობას აცდენილია თემა, შინაარსი" - ასე პასუხობს ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი შეკითხვას, თუ რატომ აგრძელებენ აშშ-ის სენატორები საქართველოს ხელისუფლების კრიტიკას ქართული დელეგაციის ვიზიტის შემდეგაც. 

ვოლსკის თქმით, როდესაც "მეგობართა შორის ცოცხალი განხილვა" მიმდინარეობს, ეს უფრო შედეგის მომტანია, ვიდრე "წერილებით საუბარი". დეპუტატის განმარტებით, ეს არ არის მხოლოდ წერილებთან დაკავშირებული თემა. 

"საერთოდ აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობათა სტრატეგიული მნიშვნელობა საგანგებოდაა განხილული ყველას მიერ და ზუსტად იციან, თუ რას ემყარება რეგიონალური უსაფრთხოება და რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს ამ რეგიონალურ უსაფრთხოებაში,"- ამბობს ვოლსკი. 

ვოლსკის თქმით, "ამ ფორმატში უნდა მიმდინარეობდეს საუბარი, დიალოგი და არამხოლოდ წერილებით". 

მას შემდეგ, რაც დაპირებული პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების შემდეგ საქართველოს მთავრობის მეთაურმა აშშ-ის კონგრესმენებისა და სენატორების მხრიდან არაერთი კრიტიკული წერილი მიიღო, ქართული ოცნების დელეგაცია აშშ-ში ჩავიდა, რათა მათივე განმარტებით, სტრატეგიული პარტნიორებისთვის "რეალური და ობიექტური ინფორმაცია" მიეწოდებინათ. 

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი უკვე შეხვდა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯიმ რიშსა და წევრს, ჯინ შაჰინს. შეხვედრის შესახებ სენატორმა შაჰინმა განცხადება გაავრცელა და კვლავ მოუწოდა პრემიერმინისტრ გახარიას და მთავრობას, "შეასრულონ საკუთარი პირობები დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, სასამართლოს დამოუკიდებლობის პატივსაცემად". 

ზალკალიანის ვიზიტი აშშ-ში 6 თებერვალს დასრულდება, მანამდე კი მას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე შეუერთდება, რომელიც ვაშინგტონს 5 თებერვალს ეწვია. 

კომენტარები