საარჩევნო სისტემა

ოპოზიცია მანდატების 100/50-ზე განაწილებას არ თანხმდება, კობახიძე პასუხს მაინც ელოდება

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ არჩევნების მაჟორიტარული წესით ჩატარებასა და მანდატებით 100/50-ზე განაწილების შესახებ ინიციატივაზე ოპოზიციის პასუხს დაელოდება.

მისი თქმით, სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული, როგორ გაგრძელდება ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები.

კობახიძისვე განცხადებით, ოპოზიციის ლიდერების მიერ საჯაროდ გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები, რომ ეს შეთავაზება მიუღებელია, პასუხი არ არის.

"ჩვენ ვართ კონსულტაციების რეჟიმში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ჩვენი ამოცანაა ოპოზიციასთან შეთანხმების მიღწევა საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით. ამ სულისკვეთებით გაგრძელდება მუშაობა და გვაქვს რესურსი და იმედი, რომ შეთანხმება იქნება მიღწეული. ეს არის ჩვენი საერთაშორიო პარტნიორის მოწოდება ყველა პოლიტიკური სუბიექტის მიმართ.

ემოციურ ფონზე პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა, მაგრამ რაც შეეხება პასუხს, ეს ჩვენ არ მიგვიღია. მოდით, ყველა ერთად დაველოდოთ პასუხს", - თქვა კობახიძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის საპროტესტო აქციებს, რომელიც დილით პარლამენტის შენობასთან პროპორციული არჩევნების მოთხოვნით გაიმართა, ქართული ოცნების დეპუტატი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ასე აფასებს:

"როცა ჩვენ პროპორციული არჩევნების შესახებ გამოვაცხადეთ, ისინი მაშინაც იდგნენ გარეთ, ანუ ეს არაფრის ინდიკატორი არ არის.ეს არის დესტრუქციული ძალა, რომელსაც აქვს დესტრუქციული დღის წესრიგი. შესაბამისად, რაც არ უნდა გაუკეთო მათ, მაინც დარჩებიან ქუჩაში. ასე მუშაობენ 2012 წლიდან".

მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ დაპირება არ შეასრულა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო, საპროტესტო აქციები განახლდა. პარალელურად, დასავლელი პარტნიორების ინიციატივით და მონაწილეობით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების 4 რაუნდი გაიმართა.

ქართულმა ოცნებამ დაიწუნა ოპოზიციის შეთავაზებული ე.წ გერმანული მოდელი და მრავალმანდატიანი ოლქები, სანაცვლოდ, შესთავაზა - მაჟორიტარების რაოდენობა 73-დან 50-მდე შემცირდეს, ანუ

პარლამენტში 100 დეპუტატი პროპორციული წესით, 50 კი მაჟორიტარულად აირჩიონ.

მმართველ გუნდს ამ მოდელის დანერგვა სურს როგორც 2020 წლის, ისე ყველა მომდევნო არჩევნებზეც. ქართული ოცნების შეთავაზება ოპოზიციისთვის მიუღებელია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები