სირია

UN: 1 დეკემბრიდან იდლიბში ასადის რეჟიმის თავდასხმის გამო სახლების მიტოვება 520,000 ადამიანს მოუხდა

Getty Images

სირიის იდლიბის პროვინციაში ამბოხებულების მიერ კონტროლირებად უკანასკნელ ტერიტორიაზე ბაშა ალ-ასადის და მისი მოკავშირეების თავდასხმას მიგრანტების ახალი ტალღის დაძვრა მოჰყვა. გაეროს ჰუმანიტარული კოორდინაციის ოფისის მონაცემებით 1 დეკემბრის შემდეგ სახლების მიტოვება 520,000-მდე ადამიანს მოუხდა, მათი 80% ქალები და ბავშვები არიან.

მიგრანტების ტალღა იდლიბიდან ჩრდილოეთით, თურქეთის საზღვრისაკენ დაიძრა.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა არაერთხელ თქვა, რომ ქვეყანა მიგრანტების ახალ ტალღას მარტო ვერ გაუმკლავდება და ევროპის ქვეყნები გააფრთხილა, რომ შედეგებს ყველა იგრძნობს.

მან ასევე თქვა, რომ თუ სირიის ჩრდილო-დასავლეთით იდლიბის პროვინციაში კონფლიქტი არ გადაიჭრება თურქეთმა შესაძლოა სამხედრო ოპერაცია დაიწყოს.

მიმდინარე კვირას იდლიბის პროვინციაში ასადის რეჟიმის მიერ განხორციელებულ დაბომბვას 4 თურქი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით თურქეთმა საპასუხო ზომები დაუყოვნებლივ მიიღო და რეგიონში რამდენიმე სამიზნე გაანადგურა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თქვა, რომ ასადის რეჟიმის ძალების თავდასხმის შემდეგ, რამაც არაერთი თურქი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწია, აშშ ნატოს მოკავშირე, თურქეთის გვერდით დგას და სრულიად მხარს უჭერს თურქეთის "სწორ თავდაცვის საპასუხო ქმედებას".

ასადის რეჟიმმა და რუსეთმა საჰაერო თავდასხმა და სახმელეთო კამპანია ოპოზიციის უკანასკნელ პოზიციებზე გასული წლის 26 აპრილს დაიწყეს. მას შემდეგ 11,500-ზე მეტი საჰაერო თავდასხმა განხორციელდა. მათ შორის გამოიყენეს იარაღი, რომელსაც საერთაშორისო კანონმდებლობა კრძალავს. თავდასხმების სამიზნეს სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის სკოლები და საავადმყოფოებიც წარმოადგენდა.

რუსეთმა და თურქეთმა 2018 წლის სექტემბერში იდლიბთან დაკავშირებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც ტერიტორიაზე მათ ერთობლივი პატურლირება უნდა განეხორციელებინათ და რადიკალური ელემენტებისაგან გაეთავისუფლებინათ. მიუხედავად ამისა, მას შემდეგ, რაც იანვარში ტერიტორიის ნაწილზე დაჯგუფება ჰურიათ თაჰრირ ალ-შამმა კონტროლი დაამყარა, ასადმა მოკავშირეებთან ერთად იდლიბზე თავდასხმა დაიწყო.

მონიტორიგნის ორგანიზაციების ინფორმაციით გასული წლის აპრილის შემდეგ სირიის მთავრობისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩატარებულმა დაბომბვებმა ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე 1,300-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და მილიონამდე ადამიანს საცხოვრებლის მიტოვება მოუხდა.

ასადის ძალები იდლიბზე თავდასხმას აგრძელებენ და რამდენიმე ქალაქი აიღეს.

კომენტარები