საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები

ზალკალიანი სენატორებთან შეხვედრაზე: დავუდასტურე საქართველოს მყარი მხარდაჭერა აშშ-ის მიმართ

mfa.gov.ge

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი აშშ-ში სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ჯიმ რაშთან და მის მოადგილესთან ჯინ შაჰინთან გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა.

ზალკალიანის თქმით, "მეგობრების შეხვედრაზე" წერილში ასახულ ძირითად საკითხებზე დეტალურად ისაუბრეს.

"ეს იყო საუბარი მეგობრებს შორის, სტრატეგიულ პარტნიორებს შორის და მე მათ კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს მყარი მხარდაჭერა აშშ-ის მიმართ. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს სურს, რომ მომავალი დემოკრატიული რეფორმები და არჩევნები იმ მაღალ სტანდარტებში იყოს ჩატარებული, როგორ სტანდარტებშიც ეს წინა არჩევნების დროს ხდებოდა", — განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანის თქმით, პარტნიორების ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებული იქნება. 

ჯიმ რიშმა "ამერიკის ხმასთან" განაცხადა, რომ მათ დავით ზალკალიანთან შეხვედრაზე გარანტიები მიიღეს, რომ საქართველოში ვითარება შეიცვლება. 

სენატორისვე თქმით, ზალკალიანთან გამართულ შეხვედრაზე 2020 წელს გასამართ არჩევნებზეც ისაუბრეს. მან ამერიკის ხმასთან საუბრისას გაიხსენა 2012 წლის არჩევნები და თქვა, რომ მაშინ ყველა სააკაშვილის გამარჯვებაში იყო დარწმუნებული, თუმცა ასე არ მოხდა და, რომ "ქართველი ხალხი თავად იღებს გადაწვეტილებას და ეჭვიც არ მეპარება, რომ ყველაფერს უფრო ახლოდან აკვირდებიან, ვიდრე ჩვენ". 

ჯიმ რიშმა და ჯინ შაჰინმა პრემიერ გახარიას ერთობლივი წერილი 30 იანვარს გამოუგზავნეს, სადაც წერდნენ, რომ საარჩევნო რეფორმის ჩაგდება და მთავრობის მიერ მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ჩახშობა დემოკრატიისა და მმართველობის დასუსტებაზე მოუთითებდა.

კომენტარები