აქცია ჰონგ-კონგში

ამერიკელმა კონგრესმენებმა ჰონგ-კონგელი მომიტინგეები ნობელის პრემიაზე წარადგინეს

Getty Images

4 თებერვალს რვა ამერიკელმა სენატორებმა და კონგრესმენებმა, როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული პარტიიდან, ჰონგ-კონგის პროდემოკრატიული აქციის მონაწილეები ნობელის პრემიაზე წარადგინეს.  

რესპუბლიკური პარტიიდან მარკო რუბიომ და დემოკრატმა ჯეიმს მაკგოვერნმა, რომლებიც კონგრესის ჩინეთის კომისიის ხელმძღვანელები არიან, ნობელის კომიტეტს რეკომენდაციით მიმართეს, რომ პრიზი გადასცენ "უთვალავ და ზოგჯერ ანონიმურ პირებს, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე, ჯანმრთელობა, სამსახურები და განათლება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს, რათა მხარი დაეჭირათ ჰონგ-კონგის უკეთესი მომავლისთვის".

"მათ აჩვენეს სამოქალაქო გამბედაობა, არაჩვეულებრივი ლიდერობა და ურყევი თავდადება თავისუფალი და დემოკრატიული ჰონგ-კონგისთვის, სადაც დაცულია კანონის უზენაესობა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები," - ვკითხულობთ წერილში.

კონგრესმენები და სენატორები ამბობენ, რომ პროდემოკრატიული მოძრაობა "საოცრად ორგანიზებული, ულიდერო და მოქნილი" არის და სწორედ ამიტომ, მათ გადაწყვიტეს, რომ პრემიაზე კონკრეტული პირის ან ორგანიზაციის წარდგენის ნაცვლად, ჰონგ-კონგის მშვიდობიანი პროდემოკრატიული მოძრაობა წარედგინათ - "ნობელის პრემია პატივს მიაგებს იმ მილიონობით ჰონგ-კონგელს, რომელთა სიმამაცემ და შეუპოვრობამ მსოფლიო შთააგონა".

ისინი აღნიშნავენ, რომ ჰონგ-კონგის აქციებში საზოგადოების ფართო სპექტრის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მათ შორის, საჯარო მოხელეები. 

წერილში ხაზგასმით წერია, რომ დიალოგისა და მოლაპარაკების ნაცვლად, ჰონგ-კონგის მთავრობამ მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა და გადამეტებული ძალის გამოყენება არჩია.

ამერიკელმა კანონმდებლებმა ნობელის კომიტეტის წინა გადაწყვეტილება გაიხსენეს, როდესაც 2010 წელს ცნობილ ჩინელ მწერალს და აქტივისტს ლიუ სიაოპოს პრემიის გადასცეს - "ლიუ სიაოპოს დაპატიმრება და მისი სიკვდილი გვახსენებს იმ მსხვერპლს, რაც ადამიანის უფლებებზე ლაპარაკის გაბედვისთვის ჩინეთში ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიღო".

ჰონგ-კონგის პროდემოკრატიული აქციები გასული წლის ივნისში დაიწყო. მომიტინგეები ჩინეთის წნეხისგან გათავისუფლებას და მეტ თავისუფლებას ითხოვენ. აქციები არაერთხელ ძალადობრივად დაარბიეს.

გასული წლის დეკემბერში ტრამპმა ხელი მოაწერა ჰონგ-კონგის ადამიანთა უფლებებისა და დემოკრატიის კანონპროექტს.

კანონი ყოველწლიური შემოწმების საშუალებას იძლევა, თუ რამდენად შეესაბამება ჰონგ-კონგის ავტონომია აშშ-სთან მის სპეციალურ სტატუსს. ამ სტატუსის ფარგლებში ამჟამად ჰონგ-კონგს აშშ-ის მიერ ჩინეთისათვის დაწესებული სანქციები არ ეხება. კანონის ფარგლებში პროტესტის დროს დაკავებულებს აშშ ვიზის მიღების საშუალებას მისცემს. კანონით შესაძლებელი იქნება ჰონგ-კონგისა და კონტინენტური ჩინეთის იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც ჰონგ-კონგში ძირითად თავისუფლებებს ზღუდავენ, შეზღუდვები დააწესონ - მათი ანგარიშები გაყინონ, აშშ-ში შესვლა აუკრძალონ და სხვ.

გარდა ამისა ტრამპმა ხელი მოაწერა მეორე კანონსაც, რომელიც ჰონგ-კონგის პოლიციისათვის ხალხის მასის კონტროლის იარაღის მიყიდვას კრძალავს, მათ შორის ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების.

კომენტარები