ჯასტინ ბიბერი

ჯასტინ ბიბერი ნარკოტიკების მოხმარებაზე: ვგრძნობდი რომ ვკვდებოდი

CNN.com

ჯასტინ ბიბერმა საკუთარ თავზე გადაღებული დოკუმენტური სერიალის "Justin Bieber: Sessions"-ის სერიაში წარსულში ნარკოტიკებზე დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

25 წლის მომღერლის თქმით, მან მარიხუანას მოხმარება 13 წლის ასაკში დაიწყო, ამის შემდეგ კი ალკოჰოლის, MDMA-ს, ფსიქოდელური სოკოებისა და სხვადასხვა მძიმე ნარკოტიკის ხშირი მომხმარებელიც გახდა.

"ვგრძნობდი რომ ვკვდებოდი", - ასე იხსენებს ჯასტინ ბიბერი მომენტს, როდესაც გადაწყვიტა, რომ ნარკოტიკების მოხმარებისთვის თავი დაენებებინა.

"ჩემი დაცვის წევრები ღამით ოთახში შემოდიოდნენ და პულსს მიმოწმებდნენ. ხალხმა არ იცის, რამდენად სერიოზული იყო ეს. ეს იყო საშიში სიგიჟე. დილით ვიღვიძებდი და პირველ რიგში ტაბლეტებს ვყლაპავდი და მარიხუანას ვეწეოდი და ასე ვიწყებდი დღეს. ეს ძალიან საშიში იყო", - იხსენებს მომღერალი.

ჯასტინ ბიბერის მენეჯერის, სკუტერ ბრაუნის თქმით, მომღერლისთვის 19 წლიდან 21 წლამდე პერიოდი ძალიან ბნელი იყო.

"წარსულში ჩემს სხეულს სასტიკად მოვეპყარი, ახლა გამოკეთების პერიოდი მაქვს და ვცდილობ დავრწმუნდე, რომ ჩემს სხეულსა და სისხლძარღვებზე ვზრუნავ, რომლებიც ღმერთმა მომცა", - თქვა მან.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჯასტინ ბიბერი ნარკოტიკებზე დამოკიდებულებაზე საუბრობს - 2019 წლის სექტემბერში მან წერილი დაწერა, სადაც ხმამაღლა პირველად თქვა, რომ მძიმე ნარკოტიკებს მოიხმარდა და ამის გამო ცხოვრებაში ბევრი პრობლემა შეექმნა.

კომენტარები