არჩევნები 2020

კაპანაძე: ეუთოს დასკვნით, ე.წ გერმანული საარჩევნო მოდელი კონსტიტუციას შეესაბამება

ე.წ გერმანულ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით ევროპულმა საქართველომ ეუთოსგან პასუხი მიიღო. სერგი კაპანაძის თქმით, ეუთო/ოდირის დასკვნით, ე.წ გერმანული მოდელი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. საარჩევნო რეფორმაზე დეკომენტი ოპოზიციამ ეუთოს ომბუდსმენის მეშვეობით, დეკემბერში გაუგზავნა.

სერგი კაპანაძე აღნიშნავს, რომ ეუთოს დასკვნით, ე.წ გერმანული მოდელის მიღება შესაძლებელია საპარლამენტო უმრავლესობით. ოპოზიცია მზად არის, გააგრძელოს ამ მოდელზე მუშაობა. დეპუტატის თქმითვე, ეუთომ ექვსი ტექნიკური სახის რეკომენდაცია გასცა, რასაც გაითვალისწინებენ.

"როგორც მოსალოდნელი იყო, ეუთო საუბრობს იმაზე, რომ ეს მოდელი არის სრულ შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან, მას არ აქვს არანაირი წინააღმდეგობა არც საუკეთესო პრაქტიკასთან, რომელიც ევროპაში თუ სადმე სხვაგან არსებობს. 

ეუთო ამბობს, რომ ნებისმიერი შეთავაზებული მოდელი უნდა იყოს შეთანხმებული მხარეებს შორის და მასზე უნდა არსებობდეს კონსენსუსი, ანუ ამბობს სწორედ იმას, რაზეც ამდენი ხანია, საუბრობს ოპოზიცია და რაზეც მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ წამოვიდეს დიალოზე.

არც ერთი სიტყვა არ არის ამ მოხსენებაში ნათქვამი, რომ ეს შემოთავაზებული რეფორმა არის არაკონსტიტუციური" - ამბობს კაპანაძე.

დეპუტატის თქმით, ეუთო ხაზს უსვამს, რომ ოპოზიციის შეთავაზებულ მოდელში მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები შეიძლება განხილული იყოს, როგორც საარჩევნო სისტემის მაჟორიტარული კომპონენტი.

"ეს არის კიდევ ერთხელ დადასტურება იმის, რომ ჩვენ მიერ შეთავაზებული მოდელი შეიძლება იქნეს მიღებული პირდაპირ. თავის მოხსენებაში ოდირი საუბრობს, რომ ამ მოდელის მიღება შესაძლებელია ხმების უბრალო უმრავლესობით პარლამენტში. ჩვენ ვართ მზად, გავაგრძელოთ ამ მოდელზე მუშაობა. ასევე, მზად ვართ, ეუთოს ექვსივე რეკომენდაცია, რომლებიც არის მეტნაკლებად ტექნიკური ხასიათის, გავითვალისწინოთ მომდევნო მუშაობაში.

ეს არის კარგი დადასტურება იმის, რომ საერთაშორისო პარტნიორები, ამ შემთხვევაში ეუთო/ოდირი, მხარს უჭერს ასეთი ტიპის რეფორმის განხორციელებას. ჩვენ შეგვიძლია, გადავიდეთ პირდაპირ იმპლემენტაციაზე, გავიტანოთ პარლამენტში და ვუყაროთ კენჭი" - თქვა კაპანაძემ.

რას ნიშნავს ე.წ გერმანული მოდელი და რატომ არ სჭირდება მას საკონსტიტუციო შესწორება, ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები